კატეგორია: გენდერული ძალადობა 2020-02-12
სომალის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ბოსასოს ცენტრალურ მოედანზე, საჯაროდ დახვრიტეს ორი კაცი, რომლებიც 12 წლის გოგონას გაუპატიურებასა და მკვლელობაში იყვნენ ბრალდებულნი.
2019 წლის თებერვალში გოგონა ქალაქ გალკაიოს ბაზრობაზე გაუჩინარდა. მეორე დილით მისი ცხედარი მისივე სახლის მახლობლად იპოვნეს. ექსპერტებმა დაადგინეს, რომ გოგონა სასტიკად გააუპატიურეს, დაასახიჩრეს და შემდეგ გაგუდეს.
ამ ამბავმა საზოგადოებაში დიდი აღშფოთება გამოიწვია. მოსახლეობამ ხელისუფლებისგან დამნაშავეთა პოვნა და დასჯა მოითხოვა. სოციალურ ქსელში კი დაიწყო ფართომასშტაბიანი კამპანია #JusticeForAisha.
გოგონას გატაცების, გაუპატიურებისა და მკვლელობის ბრალდებით სამი კაცი დააკავეს. 2019 წლის ივნისში მათ გაასაჩივრეს სასიკვდილო განაჩენი, თუმცა სასამართლომ ის არ გაითვალისწინა.
”ეს არის გაფრთხილება ყველასთვის, ვინც ქალებსა და გოგონებზე ძალადობს,” - განაცხადა სომალის რეგიონის, პუტლენდის იუსტიციის მინისტრმა.
პუტლენდი სომალის ნახევრად ავტონომიური რეგიონია. რეგიონმა 2016 წელს პირველად ქვეყანაში მიიღო კანონი, სექსუალური შევიწროებისა და გაუპატიურების კრიმინალიზაციის შესახებ.
სომალიში გაუპატიურების მსხვერპლები ხშირად სტიგმატიზაციას განიცდიან და იძულებულნი ხდებიან დაქორწინდნენ მოძალადეზე. ამ ტიპის დანაშაულისთვის განაჩენი საკმაოდ იშვიათია, რადგან ადგილობრივმა პოლიციამ ან არ იცის შესაბამისი კანონის არსებობის შესახებ, ან არ მიიჩნევს მის დარღვევას სერიოზულ გადაცდომად. გარდა ამისა, ბევრი მსხვერპლი უარს ამბობს ინციდენტის შესახებ შეტყობინებაზე, რადგან დიდი ალბათობით, თავად შეიძლება გახდეს ბულინგის მსხვერპლი.
|