კატეგორია: გენდერული ძალადობა 2020-02-13
სამართალდამცველებმა 1976 წელს დაბადებული მამაკაცი ოჯახში ჩადენილი ძალადობისა და ოჯახის წევრის მიმართ მუქარის ბრალდებით დააკავეს.
შსს-ს ცნობით, ბრალდებულმა ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ სვირში, საკუთარ სახლში, არასრულწლოვან 11 წლის შვილს და მეუღლეს, არასრულწლოვნის თანდასწრებით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
"გამოძიებით, ასევე დადგინდა, რომ ჯ.გ., არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, მეუღლეს ცეცხლსასროლი იარაღისა და ნაჯახის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. პოლიციამ, დაკავებულის საცხოვრებელი სახლიდან ცეცხლსასროლი იარაღი და ნაჯახი ნივთმტკიცებად ამოიღო." - აცხადებს შსს.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის "დ" ქვეპუნქტით, ასევე, 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახის წევრების მიმართ ჩადენილ ძალადობასა და ოჯახის წევრის მიმართ მუქარას გულისხმობს.
დანაშაული 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
|