კატეგორია: გენდერი მსოფლიოში 2020-03-02
არგენტინის პრეზიდენტის ალბერტო ფერნანდესის განცხადებით, ის უახლოეს დღეებში წარუდგენს კონგრესს კანონპროექტს აბორტის ლეგალიზაციის შესახებ.
არგენტინამ აბორტის კრიმინალიზაცია 1921 წელს მოახდინა. ამ დროისთვის, ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, აბორტი ლეგალურია მხოლოდ მაშინ, თუ ორსულობა და ნაყოფი სასიცოცხლო საფრთხეს უქმნის დედას ან თუ ორსულობა ძალადობრივი სექსუალური აქტის, ან გაუპატიურების შედეგად დადგა. ხშირ შემთხვევაში გასამართლების შიშით ექიმები ქალებს აბორტის გაკეთების უფლებას არ აძლევენ გაუპატიურების შემთხვევაში და მაშინაც, როდესაც ორსულობა დედის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის.
კანონპროქტის დამტკიცების შემთხვევაში არგენტინა გაიანას, კუბასა და ურუგვაის შემდეგ მეოთხე ლათინო-ამერიკული ქვეყანა გახდება, რომელიც აბორტს დაუშვებს.
შეგახსენებთ, რომ 2018 წელს არგენტინის სენატმა ჩააგდო კანონპროექტი, რომელიც ორსულობის 14 კვირამდე შეწყვეტის უფლებას დააკანონებდა.
გადაწყვეტილებას არგენტინის პარლამენტის წინ აქცია და კონტრაქცია მოჰყვა.
აქტივისტები და უფლებადამცველები წლების განმავლობაში მუშაობდნენ აღნიშნულ კანონპროექტზე. კანონპოროექტის ლობისტები აცხადებდნენ, რომ კანონპოროექტის მიღება ქალების ჯანმრთელობისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხია, რადგან არალეგალური აბორტების შედეგად ქვეყანაში უამრავი ქალი გარდაიცვალა.
კანონპროექტის მოწინააღმდეგეების განცხადებით კი: „სენატის გადაწყვეტილებამ აჩვენა, რომ არგენტინა ჯერ კიდევ არის ქვეყანა, სადაც მნიშვნელოვანია ოჯახური ღირებულებები“.
|