კატეგორია: გენდერი მსოფლიოში 2020-03-04
მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების გამო გაეროს გენერალურმა მდივანმა და გაეროს წევრმა სახელმწიფოებმა მიიღეს გადაწყვეტილება ცვლილებები შეეტანათ ქალთა სტატუსის განმსაზღვრელი კომისიის 64-ე სესიის სამუშაო პროგრამაში.
ქალთა სტატუსის განმსაზღვრელი კომისიის 64-ე სესიის ფარგლებში ჩატარდება მხოლოდ ერთი ოფიციალური შეხვედრა მუდმივი მისიების წარმომადგენლების მონაწილეობით, რომელიც 9 მარტს გაიმართება. სესიის დროს დაგეგმილი ყველა პარალელური ღონისძიება გაუქმებულია.
შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 9-20 მარტს გაეროს ნიუ-იორკის შტაბბინაში, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან დაახლოებით 12 ათასს დელეგატს უნდა მიეღო მონაწილეობა ქალთა სტატუსის განმსაზღვრელი კომისიის 64-ე სესიის მუშაობაში და განეხილა გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებების საკითხები.
გაეროს ქალთა სტატუსის განმსაზღვრელი კომისია, რომელიც 1946 წელს შეიქმნა, გლობალური მთავრობათაშორისი ორგანოა და ხელს უწყობს გენდერულ თანასწორობას და ქალების გაძლიერებას.
|