კატეგორია: გენდერი კავკასიაში 2020-04-03
2019 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა ანგარიში გამოაქვეყნა. სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, ანგარიში საუბარია გენდერულ თანასწორობაზე, სექსუალურ და რეპროდუქციული ჯანმრთელობის ჭრილში.
ანგარიშის ამ თავში აღნიშნულია, რომ გენდერული თანასწორობის საკითხი პირდაპირ კავშირშია ქალის სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლებებთან. ამდენად, ქალთა უფლებები მოიცავს უფლებას, დისკრიმინაციული მოპყრობის გარეშე აკონტროლონ საკუთარ სექსუალობასთან დაკავშირებული საკითხები, სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის ჩათვლით.
საანგარიშო პერიოდში, სახალხო დამცველმა აღნიშნული მიმართულებით რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე გაამახვილა ყურადღება – სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ქალებისათვის ფიზიოლოგიურ და ფსიქოლოგიურ საჭიროებებზე მორგებული სახელმწიფო პროგრამის არსებობის აუცილებლობაზე; ქალის საშვილოსნოს მილების გადაკეტვის (სტერილიზაციის) საკითხსა და ე. წ. „ქალიშვილობის ტესტის“ პრაქტიკაზე.
„კვლავ პრობლემად რჩება ჯანდაცვის სერვისებზე სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ქალების უფლება ორსულობის ხელოვნურ შეწყვეტაზე. აღსანიშნავია, რომ 12 კვირაზე მეტი ხანგრძლივობის ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის არასამედიცინო ჩვენება არის სასამართლოს მიერ დადგენილი გაუპატიურების შედეგად დამდგარი ორსულობა.
სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღება კი ხშირ შემთხვევაში, იმდენად ხანგრძლივ პერიოდს უკავშირდება, რომ შესაძლოა ორსულობის პერიოდსაც გადააჭარბოს. მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხის გადაწყვეტა მოექცეს არა ფორმალურ სამართლებრივ ჩარჩოში, არამედ გათვალისწინებული იყოს სექსუალური ძალადობის შედეგად დაორსულებული ქალის ფსიქოემოციური მდგომარეობა, ამ მოვლენის მიმართ საზოგადოების ნაწილში არსებული სტიგმა და, ამ მხრივ, მსხვერპლის საჭიროებებზე მორგებული მიდგომის აუცილებლობა.
აღსანიშნავია, რომ ცალკეული საკითხები, რომლებიც რეგულირებულია საკანონმდებლო დონეზე, პრაქტიკაში დისკრიმინაციულად სრულდება. მაგალითად, საზოგადოებაში მკაფიოდ ჩამოყალიბებული ქალისა და კაცისათვის მისაღები ქცევის სტანდარტი და განსაზღვრული სოციალურ-კულტურული როლები, არსებითად არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ქალებს და, სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლების გამოყენების თვალსაზრისით, მათ ბარიერებს უქმნის.
ერთ-ერთი მსგავსი დაბრკოლებაა ქალის საშვილოსნოს მილების გადაკეტვის (სტერილიზაციის) შემთხვევაში მისი მეუღლის/პარტნიორის თანხმობის მოთხოვნა, როგორც პროცედურის ჩატარების წინაპირობა. მიუხედავად იმისა, რომ მეუღლის ანდა პარტნიორის თანხმობის ვალდებულება კანონმდებლობით დადგენილი არ არის, გამოიკვეთა ტენდენცია, რომ საქართველოში არსებული სამედიცინო დაწესებულებები თვითნებურად ითხოვენ მეუღლის/პარტნიორის თანხმობას, რაც ქალის თავისუფალ არჩევანში ჩარევასა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის კონტროლის მექანიზმს წარმოადგენს.
ქალის სექსუალობის კონტროლს ემსახურება ასევე ე. წ. „ქალიშვილობის ტესტი,“ რომელსაც კანონმდებლობა არ ითვალისწინებს, თუმცა, „სქესობრივი ხასიათის ქმედების შემთხვევაში სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა“, რომელსაც სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ატარებს, ცალკეულ შემთხვევებში, ფიზიკური პირების მიერ, შესაძლოა, ბოროტად იქნეს გამოყენებული. არსებითი მნიშვნელობა აქვს, რომ ქალთა უფლებრივი კონტექსტის გათვალისწინებით, ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ფიზიკური პირის მიერ ექსპერტიზის დაკვეთისას, განსაკუთრებული ყურადღებით მიუდგეს მისი ნების ნამდვილობას, ეჭვის არსებობის შემთხვევაში, უარი განუცხადოს პროცედურის ჩატარებაზე და დაუყოვნებლივ მიმართოს სამართალდამცავ ორგანოებს”, – წერია ანგარიშში.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ მრავალი საერთაშორისო თუ ეროვნული ნორმატიული გარანტიის მიუხედავად, საქართველოში გარემო კვლავ არ არის ქალების სპეციფიკურ საჭიროებებზე ორიენტირებული, რაც, გენდერული თანასწორობის მიღწევის თვალსაზრისით, დამაბრკოლებელი ფაქტორია.
ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ კერძო სექტორში დასაქმებულთათვის ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულებით სარგებლობა კვლავ პრობლემურ საკითხად რჩება. სახალხო დამცველისათვის „კოალიცია თანასწორობისათვის“ წევრი ორგანიზაციების მიერ მოწოდებული ინფორმაცია ცხადყოფს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ქალების მიმართვიანობა შენარჩუნებულია. არის შემთხვევები, როდესაც ორსულობის გამო შვებულების გაცემისაგან თავის არიდების მიზნით, კერძო კომპანიები რეორგანიზაციის საფუძველს ან სხვა მიზეზს იშველიებენ.
|
|