კატეგორია: გენდერი კავკასიაში 2020-04-06
პარლამენტის გენდერული საბჭო პანდემიის დროს ქალთა ეკონომიკურ საქმიანობაზე ზიანის კვლევას ჩაატარებს,- ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული კვლევა როგორც ქალებისთვის, ასევე საქართველოს მთავრობისთვის დამატებითი ინსტრუმენტი იქნება, რათა აღნიშნული ზიანი ეფექტიანად აღმოიფხვრას.
„პარლამენტის გენდერული საბჭო პრემიერ-მინისტრის ოფისთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, მათთან თანამშრომლობით, მოვამზადებთ ეკონომიკაზე პანდემიის ზიანის და გავლენის გენდერულ ანალიზს. ამ რეკომენდაციებისა და კვლევის მიზანია, გავარკვიოთ, რა ზიანი მიადგა ან მიადგება ქალთა ეკონომიკურ აქტივობას პანდემიის დროს და შევიმუშავოთ ის რეკომენდაციები, რომელიც მათთვის იქნება დამხმარე ინსტრუმენტი, ასევე მთავრობისთვის, რომელმაც უნდა შეიმუშავოს ეკონომიკის სტიმულირებისა და წახალისების პროგრამა. ეს იქნება მათ მიერ აქტიურად გამოყენებული.
ეს იქნება დამატებითი ინსტრუმენტი, რათა სწორად, დასაბუთებულ პოზიციებზე დაყრდნობით განვსაზღვროთ ის ზიანი, რაც მიადგათ ქალებს და შესაბამისად, აღმოვფხვრათ და ეფექტიანად დავეხმაროთ მათ, როგორც მოწყვლად ჯგუფს და ეკონომიკაში მნიშვნელოვან სამუშაო ძალას“,- განაცხადა წილოსანმა.
დღესვე გაიმართა საკონფერენციო ზარი, რომლის მონაწილეები გახდნენ პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები ნინო წილოსანი და გუგული მაღრაძე, ასევე ქალთა უფლებებზე და გენდერულ თანასწორობაზე მომუშავე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
რეკომენდაციების შემუშავების შემდეგ ისინი გადაეგზავნება საქართველოს მთავრობას, რომ მათ მიერ ამ პროცესში მიღებული გადაწყვეტილებები მაქსიმალურად ითვალისწინებდეს ქალების საჭიროებებს.
|