კატეგორია: გენდერული ძალადობა 2020-04-10
პანდემიის პერიოდში ოჯახში ძალადობის შემთხვევების გაზრდის რისკები ამავე საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე განიხილეს. მთავრობის გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ ეკონომიკურ და სოციალურ რისკებთან ერთად, სახელმწიფო აკონტროლებს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის რისკებს.
ისინი ეყრდნობიან შსს-ს სტატისტიკას, რომლის თანახმად, საგანგებო მდგომარეობის დროს საქართველოში ოჯახში ძალადობის რიცხვი არ გაზრდილა. ამასთან, ძალადობის გაზრდილი რისკი მსოფლიოში მიმდინარე კრიზისის ანალიზისას ერთ-ერთ გამოწვევად სახელდება.
მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ ოჯახში ძალადობის მონაცემების უფრო დეტალურად შესაფასებლად შსს ამჟამად სპეციალურ მეთოდოლოგიაზე მუშაობს, პარალელურად კი:
-
24 საათიან რეჟიმში აგრძელებს მუშაობას საკონსულტაციო ცხელი ხაზი 116 006;
-
უფასო, ანონიმურ ცხელ ხაზზე ფსიქოლოგიური და იურიდიული კონსულტაცია 8 ენაზე გაიცემა;
-
ფუნქციონირებას აგრძელებს 112-ის ცხელი ხაზიც. შესაძლებელია მობილური აპლიკაციის (112 Georgia) გამოყენებაც;
-
ქვეყნის მასშტაბით მუშაობას აგრძელებენ კრიზისული ცენტრები და თავშესაფრები;
-
სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო ნაწილობრივ დისტანციურად აგრძელებს უფასო იურიდიულ და ფსიქო-სოციალური სერვისების მიწოდებას.
უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე საგანგებო მდგომარეობის დროს ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებით მიღებულ ზომებზე მოხსენება გააკეთეს საქართველოს იუსტიციის მინისტრის, შსს-სა და გენერალური პროკურორის მოადგილეებმა, ასევე, სსიპ "სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს" ხელმძღვანელმა და სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენელმა.
|