კატეგორია: გენდერული ძალადობა 2020-04-11
შსს-მშინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა ყოფილი ცოლის მიმართ მუქარისა და ადევნების ბრალდებით 1977 წელს დაბადებული ზ.ქ. დააკავეს.
შსს-ის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ზ.ქ. ყოფილ ცოლს, ნ.ყ.-ს ტელეფონით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. გამოძიების მიხედვით, დაკავებული 2018 წლის აპრილიდან 2020 წლის 3 აპრილამდე ყოფილ მეუღლესთან არასასურველ კომუნიკაციას ამყარებდა, როგორც პირადად, ისე მობილური ტელეფონის საშუალებით. გარდა ამისა, ბრალდებული ყოფილ ცოლს სისტემატურად უთვალთვალებდა.
უწყების ინფორმაციით, გამოძიების დაწყების პარალელურად შემაკავებელი ორდერი გამოიცა, რომლის საფუძველზეც, სხვა შეზღუდვების დაწესებასთან ერთად, ზ.ქ.-ს პირად საკუთრებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღი ჩამოერთვა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის დ ქვეპუნტქტითა და 11 პრიმა 151-ე მუხლის 1 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ მუქარასა და ადევნებას გულისხმობს. დანაშაული ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით სამ წლამდე.
|