კატეგორია: გენდერული ძალადობა 2020-04-14
რომის პაპმა ფრანცისკემ კათოლიკური აღდგომის დადგომის შემდეგ თავის პირველ გზავნილში დაგმო ძალადობა ქალების მიმართ COVID-19-ის პანდემიის დროს და საზოგადოებას ქალების დაცვისკენ მოუწოდა. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება.
თავისი ქადაგების დროს პაპმა განაცხადა, რომ საზოგადოება მხარში უნდა დაუდგეს ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ქალებს, რადგან პანდემიის დროს მსოფლიოში მკვეთრად გაიზარდა ძალადობის შემთხვევები.
„მოდით, ვილოცოთ მათთვის, რათა ღმერთმა მათ ძალა მისცეს, ხოლო ჩვენმა საზოგადოებამ და ოჯახებმა მათ მხარი დაუჭირონ”- განაცხადა პაპმა სიტყვით გამოსვლისას.
კორონავირუსის გამო იზოლაციასა და კარანტინში მოქცეული ბევრი ქალი მოძალადე პარტნიორის ხაფანგში აღმოჩნდა.
როგორც გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტიერეშმა განაცხადა, მშვიდობა მხოლოდ ომის არარსებობას არ ნიშნავს, იზოლაციაში მყოფი ქალები ძალადობის საფრთხის წინაშე დგანან და ისინი საკუთარ სახლებში დაცულნი უნდა იყვნენ.
საერთაშორისო პრაქტიკა ცხადყოფს, რომ მასობრივი იზოლაცია და კომენდანტის საათის მოქმედება ზრდის ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის რისკებს და ართულებს დაცვის და დახმარების სერვისებზე პირდაპირ წვდომას.
|