კატეგორია: გენდერული ძალადობა 2020-04-17
მას შემდეგ, რაც გაერთიანებულ სამეფოში Covid-19– ის პანდემიის გამო კარანტინი გამოცხადდა, ოჯახური დანაშაულის ნიშნით მინიმუმ 16 მკვლელობა განხორციელდა, რაც ორჯერ აღემატება შესაბამისი დანაშაულების სტატისტიკას ამ პერიოდისთვის.
ორგანიზაცია Counting Dead Women- ის დამფუძნებლის განცხადებით, 23 მარტიდან 12 აპრილამდე პერიოდში ბრიტანეთში გამოვლინდა მინიმუმ 16 ქალთა და მათ შორის ბავშვთა მკვლელობის ფაქტი.
ბოლო ათი წლის განმავლობაში ქალთა მკვლელობების სტატისტიკა ამ პერიოდისთვის საშუალოდ ხუთ ფაქტს შეადგენდა.
ბრიტანეთში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, მოსახლეობის უდიდესი ნაწილი კი ან კარანტინშია, ან თვითიზოლაციაში, ხოლო ათასობით ადამიანი პოტენციურ მოძალადესთან ერთ სივრცეში რჩება გამოკეტილი. საყოველთაო კარანტინმა დაუცველი ჯგუფები კიდევ უფრო დიდი რისკის ქვეშ დააყენა. საუბარია ძალადობის მსხვერპლ ქალებსა და ბავშვებზე.
უფლებადამცველი ორგანიზაციების განცხადებით ქვეყანაში კარანტინი ქალებისთვის ნამდვილ კოშმარად იქცა. იზოლაციის გამო, იზრდება ოჯახში ძალადობის სტატისტიკა, ასევე იმატა არსებულ ცხელ ხაზებზე ზარების რაოდენობამაც. |