ესპანეთის პროვინცია ბურგოსში, რომელიც ქვეყნის ჩრდილოეთითაა, მთებში ჩაკარგულია პატარა სოფელი ვილიასანდინო. მასში სამი ათასზე ცოტა მეტი ადამიანი ცხოვრობს. მიუხედავად ამისა, სოფელი ცნობილია არა მარტო ქვეყანაში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც. ეს სულაც არ არის საოცარი, თუკი მხედველობაში მივიღებთ იმ ფაქტს, რომ ვილიასანდინო მთელს ევროპაში პირველი დასახელბული პუნქტია, რომელმაც დაგვანახა რა შეუძლიათ ქალებს, თუკი მათ ეკუთვნით ხელისუფლება. თანაც როგორც იტყვიან, სრულად.
რამდენიმე წლის წინ სოფლის ,,ალკალდმა“ (თვითმართველობის ხელმძღვანელი) ხულიანა დუენიასმა და მუნიციპალიტეტის წევრმა მისმა შვიდმა თანაშემწემ, თანამდებობა დაიკავეს არჩევნების შედეგად ადგილობრივ სახელისუფლებო ორგანოებში. ქალებმა დააარსეს სამკერვალო ნახელავების კოოპერატივი, ისინი განაგებდნენ სკოლასა და კლინიკას, წარმართავდნენ სასამართლო სხდომას.
იდეა, შეედგინათ მხოლოდ ქალ კანდიდატთა სია, გაჩნდა სპონტანურად. საქმე იმაშია, რომ არჩევნების წინ, როგორც ყოველთვის, ყველა პარტია მხოლოდ მამაკაცებისგან შემდგარ კანდიდატთა სიას ასახელებს. არავის თავში აზრადაც არ მოსდის თუნდაც ერთი ქალის ჩასმა. სწორედ მაშინ იფიქრა ხულიანა დუენიასმა რატომაც არ უნდა შეეთავაზებინა მხოლოდ ,,ქალების სია“, თანაც სხვა პარტიებზე დაყრდნობის გარეშე. მართალია, დიდი ხნის მანძილზე მან ვერ იპოვა მსურველი. ერთნი თვითონ ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობის ფიქრით დაფრთხნენ, სხვებს ქმრებმა დაუშალეს, მესამენი კი შეშინდნენ დაცინვის გამო. და მიუხედავად ამისა, მან შეძლო გაეტანა თავისი. სია არათუ შედგა, არამედ ხმათა უმრავლესობაც მოიპოვა.
სიტუაციის პარადოქსი იმაში მდგომარეობს, რომ მათ შორის, ვინც მხარი დაუჭირა ხულიანა დუენიასს და მათ თანამოაზრეებს, უმეტესი მამაკაცი აღმოჩნდა. თვითონ მერი ამ პარადოქსს იმით ხსნის, რომ მამაკაცებს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ამ სიას, გულის სიღრმეში სჯეროდათ, რომ ეს სია მაინც ვერ გავიდოდა. მეორენი პირიქით, უნდოდათ რა მისი გამარჯვება, ვარაუდობდნენ, რომ ქალები განიცდიან ფიასკოს, როდესაც ხელისუფლების სადავეებს დაიპყრობდნენ, და ამით მხოლოდ დაამტკიცებდნენ, რომ მათ არ შეეძლოთ ხელმძღვანელობა. მაგრამ ერთნიც და მეორენიც მოტყუვდნენ.
როგორი იყო მშვენიერი სქესის წარმომადგენელთა მიერ ამომრჩევლისათვის შეთავაზებული პროგრამა? ,,პროგრამა ერთია – ემსახურო ვილიასანდინოს, გადაწყვიტო დასახლების ყველა პრობლემა, იზრუნო იქ მცხოვრებთა კეთილმოწყობაზე“,– თქვა ხულიანამ ჟურნალისტისთვის მიცემულ ერთ–ერთ ინტერვიუში. და დასძინა: ,,მე ვფიქრობ ქალებს უკეთესად ესმით პრობლემები ისეთი პატარა სოფლის, როგორიც ჩვენია. ეს პრობლემები ხომ განუყოფელია მათგან, რასაც ყოველდღიურად აწყდება თითოეული ოჯახი, და უპირველესად ქალი, რომელსაც უწევს ამ პრობლემების გადაჭრა“.
უნდა ითქვას, რომ ხალხის მიერ არჩეულნი გულმოდგინედ შეუდგნენ მუშაობას და სკეპტიკური, ზოგჯერ ირონიული დამოკიდებულებაც მამაკაცთა მხრიდან მათ მიმართ მალე შეიცვალა პატივისცემითა და დახმარების სურვილით. სამუშაო მართლაც ბევრი იყო, იმდენად, რომ მუნიციპალიტეტის საბჭოში შემავალმა ოთხმა გოგონამ დაიჩივლა, რომ მათ სრულებით არ რჩებათ დრო პირადი ცხოვრებისათვის.
სამაგიეროდ სოფლის მცხოვრებნი იყვნენ კმაყოფილები თავიანთი არჩევანით. მერიის მცდელობით აშენდა სახლი მოხუცებისთვის, მოწესრიგდა საავტომობილო მიმოსვლა ბურგოსთან, პროვინციის ცენტრთან, გაუმჯობესდა წყლისმომარაგება. ერთი სიტყვით წარმატება სახეზე იყო.
და მიუხედავად ამისა, ხულიანა დუენიასი დარწმუნებულია, რომ არჩეულმა ხელისუფლებამ, იქნება ეს ადგილობრივ, პროვინციალურ თუ ეროვნულ დონეზე, უნდა იმუშაოს ერთი–ორი ვადით, როგორიც არ უნდა იყოს მისი დამსახურება. მერი ფიქრობს, რომ მხოლოდ ასეა შესაძლებელი კორუფციის თავიდან აცილება, სამსახურეობრივი მდგომარეობის ბოროტადგამოყენება. ამ პრინციპით ხელმძღვანელობისას მან უარი თქვა დაესახელებინა თავისი კანდიდატურა მესამე ვადით. მის მაგალითს მიბაძეს სხვებმაც. შედეგად ქალებმა დაკარგეს ძალაუფლება თავის სოფელში.
ხულიანამ კიდევ ერთი ,,აღმოჩენა“ გააკეთა თავისთვის. ხელისუფლების წარმატებული მოღვაწეობა შესაძლებელია მხოლოდ მოსახლეობის აქტიური მოაწილეობით. ,,ჩვენ მივხვდით, რომ სოფლის ბედი დამოკიდებულია იქ მცხოვრებლებზე“,– ამბობს ის.