სასტუმრო "აფხაზეთიდან" დევნილების გამოსახლება 15 აგვისტოს იგეგმება.
როგორც "პირWელს" სასტუმროში მცხოვრებმა დევნილებმა აცნობეს, 10 დღეში სასტუმროს დაცლის თაობაზე შეტყობინება უკვე მიიღეს.
ცნობისთვის სასტუმრო "აფხაზეთში" აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილი 300-ზე მეტი ოჯახი დღემდე ცხოვრობს.
"ვაცხადებთ, რომ კოლექტიური ცენტრიდან, რადაც სასტუმრო "აფხაზეთია" მიჩნეული, დევნილთა არანებაყოფლობითი გამოსახლება სრულიად უკანონოა. ამავე დროს, ცინიკურია კომპენსაციის სახით 10 000 აშშ დოლარის შეთავაზება ოჯახებისთვის, რომლის ქვეშაც სამინისტროს მიერ შედგენილი სიებით 10 და მეტი ადამიანია გაერთიანებული. იმის გათვალისწინებით, რომ რამდენიმე წლის წინ შეჩერდა ოჯახების დაყოფის პროცესი, დღეს სახეზეა იურიდიულად რეგისტრირებული 10–12 და მეტი წევრიანი ოჯახები", - აცხადებენ დევნილები.
მათთვის ასევე გაურკვეველია, თუ რა იგულისხმება რუსთავში ალტერნატიული საცხოვრებელი ფართის შეთავაზებაში, რადგან არ არის მითითებული თუ კონკრეტულად სად და რა ფართზეა საუბარი.
"ჩვენ ვდგევართ ფაქტის წინაშე. საქართველოს ხელისუფლება გვთავაზობს სასწრაფოდ დავცალოთ საცხოვრებელი ფართი. ღია ცის ქვეშ დარჩენა გარდაუვალი ხდება. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ხელისუფლება საგულდაგულოდ მალავს სასტუმროს გაყიდვის ფაქტს, რომლის დოკუმენტი ჩვენ გაგვაჩნია", - აცხადებენ დევნილები.