კატეგორია: გენდერული ძალადობა  2018-05-29
ყირგიზეთში, ბიშკეკის პოლიციის განყოფილებაში, კაცმა დანით 5 სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა გოგონას, რომელიც ქორწინების მიზნით მოიტაცა.
როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, პოლიციის განყოფილებაში შემოვიდა შეტყობინება, რომ იძულებითი ქორწინების მიზნით ორმა კაცმა მოიტაცა გოგონა, რის შემდეგაც სამივე დააკავეს და გადაიყვანეს ერთ–ერთი რაიონის პოლიციის განყოფილებაში.
დოკუმენტების რეგისტრაციის დროს გოგონა მოქალაქეთა მიმღებში იმყოფებოდა, სადაც ერთ–ერთმა გამტაცებელმა შესვლა შეძლო, კარები შიგნიდან ჩაკეტა და გოგონას დაესხა თავს. როდესაც სამართალდამცავებმა კარის გაღება მოახერხეს, გოგონა უკვე დაჭრილი იყო, ხოლო კაცმა თვითმკვლელობა სცადა. ორივე გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც გოგონა გარდაიცვალა. კაცს ოპერაცია ჩაუტარდა და მის ცხოვრებას არაფერი ემუქრება. მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ასევე, პოლიციამ დაიწყო სამსახურებრივი გამოძიება.
ადგილობრივი გამოცემის ცნობით, გოგონა ცოტა ხანში სხვა პირზე აპირებდა დაქორწინებას. "გოგონა თავის ნათესავებთან იმალებოდა, რადგან შიშობდა, რომ დაქორწინების მიზნით მის მოტაცებას აპირებდნენ", - ნათქვამია გამოცემაში.
2017 წელს UNFPA-ს მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ყირგიზეთში ქორწინების მიზნით ყოველი მეხუთე ახალგაზრდა ქალი იყო მოტაცებული.
ამ ტრადიციას ალა ქაჩუუ ("მოიტაცე და გაიქეცი"), ან პატარძლის გატაცება ეწოდება. წელიწადში დაახლოებით 12 000- 15 000 ქალი მომავალი ქმრების გატაცების მსხვერპლი ხდება. მიუხედავად იმისა, რომ მოტაცება 1994 წლიდან სისხლის სამართლის ქმედებად აღიარეს და 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება, ის კვლავ ფართოდ არის გავრცელებული და ხელისუფლება ხშირად ხუჭავს ამაზე თვალს. ცნობილია, რომ გატაცებების უმრავლესობა ქალის ნების საწინააღმდეგოდ ხდება.
გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მონაცემებით, ხშირ შემთხვევაში, გამტაცებლები ქალებს აუპატიურებენ, რათა ისინი „სირცხვილის“ გამო საკუთარ ოჯახში არ დაბრუნდნენ. გატაცებული ქალების 80% იძულებულია ცოლად გაყვეს მოძალადეს და მხოლოდ 20%–მა შეძლო დაბრუნება თავიანთ ოჯახებში.
მოტაცებულ ქალებს ხშირად სცემენ და აიძულებენ მონურ შრომას. ყირგიზეთის ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის „ღია ხაზის“ თანახმად, მოტაცებების ერთი მეხუთედი გამტაცებლების ე.წ “გასართობად” ხდება.
|