Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Women Can, Women Act, Women Change!

Ge

En

Ru

აფხაზეთი ქართული ენის გარეშე

ეკატერინე ბასილაია
Category: IDP Georgia 
2016-04-15

"გალში ყველა ქართული სკოლა დაიხურა და გახდა რუსული. ამაზე დიდი ტრაგედია რა უნდა იყოს?! ქალაქში, სადაც მოსახლეობის 99% ქართველია, ქართულ სწავლებას კრძალავენ და მოსწავლეები გეოგრაფიას, მათემატიკას, ფიზიკას, ბიოლოგიას - ყველაფერს რუსულ ენაზე სწავლობენ", - აცხადებს აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმა ჯაიანი.

 


ის ამბობს, რომ გალის რაიონში 1994-95 წლის ომამდე 31 ქართული სკოლა იყო, დღეს კი ყველა ამ სკოლაში სწავლება რუსულადაა. ქართველ მოსწავლეებს მშობლიური ენის სწავლებისთვის კვირაში მხოლოდ 2 საათი აქვთ დათმობილი. "არც ერთ ამ სკოლას არ აწერია, რომ რუსულია, მაგრამ რად გინდა, სწავლება მხოლოდ რუსულადაა. სკოლებს წარწერებიც რუსულად და აფხაზურად აქვთ. ამას უნდა ვუშველოთ. ხმამაღლა უნდა ვიყვიროთ. მთელ მსოფლიოს უნდა გავაგებინოთ. ვიცი, ჟენევის დისკუსიებზე ყოველთვის ამაზე მიდის საუბარი, მაგრამ ეტყობა ეს არ შველის.

 


"არის დაშინებები. მასწავლებლებს და მოსწავლეებს აშინებენ, დირექტორები სკოლიდანაც გაათავისუფლეს იმის გამო, რომ უცხოელებს, ვინც სკოლებში შესამოწმებლად მიდიოდნენ, სიმართლეს დაუფარავად ეუბნებოდნენ.

 


"ასეთი დირექტორები სხვა ქართველებით, უფრო დამყოლი ქართველებით ჩაანაცვლეს. შეიძლება 21-ე საუკუნეში ასეთი რამ ხდებოდეს?! საერთოდ, გალელი მასწავლებლები გმირები არიან. მათ ვეუბნები კიდეც, დრო მოვა და ჩვენი ქვეყანა მათ სათანადოდ დააფასებს.


"ისინი მაინც ახერხებენ და მოსწავლეებს ღამის საათებში დამატებით ქართულად ასწავლიან. იქაური ბავშვები რომ გადმოდიან, ქართულად საუკეთესოდ ლაპარაკობენ. ძალიან ბევრი აბიტურიენტია გალიდან, ვინც 100%-იანი გრანტი მოიპოვა", - აღნიშნავს ჯაიანი.

 


აღსანიშნავია ის, რომ გალის რაიონში 1994-95 წლის ომამდე 31 ქართული სკოლა იყო, დღეს კი არც ერთი არ არსებობს. 2008 წლის შემდეგ გალის რაიონის ტერიტორიაზე თანდათან მოხდა 20 სკოლის ტრანსფორმირება და მათ მიენიჭა რუსული სკოლის სტატუსი.

 


ხოლო ე.წ. ქვედა ზონის 11 სკოლას ჰქონდა ქართული სკოლის სტატუსი. სიტუაცია გაუარესდა 2015-2016 სასწავლო წლიდან, როცა სექტემბრიდან აქაც სწავლება რუსულად გადაკეთდა.

 


1-დან 4 კლასის ჩათვლით ყველა საგანი მთლიანად რუსულ ენაზე ისწავლება და ქართულ ენას გამოეყოფა მხოლოდ 3 საათი. 5-7 კლასებში სწავლა ნახევრად რუსულად და ნახევრად ქართულადაა. 8-11 კლასებში საგნები მთლიანად რუსულად ისწავლება და ქართული ენას 2 საათი აქვს დათმობილი - ერთი ენას და ერთი ლიტერატურას.

 


დე ფაქტო აფხაზეთის განათლების მინისტრის მოადგილე დიმიტრი გვარამიამ სააგენტო "სპუტნიკთან" ისაუბრა იმაზე, რომ 2-3 წელიწადში გალის დაბალი ზონის ყველა სკოლა აფხაზურ საგანმანათლებლო სისტემაზე გადავა. გვარამიას ინფორმაციით, პირველ ეტაპზე ცვლილებები თერთმეტივე სკოლის სასწავლო პროგრამაში შევა.

 


მისი თქმით, ეს იმიტომ, რომ მანამდე გალის დაბალის ზონის სკოლებში საქართველოს განათლების დეპარტამენტის სასწავლო პროგრამა მოქმედებდა, რის გამოც "ბავშვები მკაფიოდ იყვნენ ორიენტირებული განათლების საქართველოში მიღებაზე".

 

აფხაზეთში ქართული ენის წინააღმდეგ გამოცხადებული ომის გამო დედაენის დღესთან დაკავშირებით მიმართვა გაავრცელა აფხაზეთის საკითხებზე მომუშავე კულტურულ-ჰუმანიტარულმა ფონდმა, "სოხუმმა".

 


ფონდი საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს მოუწოდებს, ხელი მოაწერონ მიმართვას საერთაშორისო საზოგადოებისადმი, სადაც წერია, რომ მიმართავენ "ყველა ინსტიტუტს ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე - გავლენა მოახდინოს საგანმანათლებლო პროცესის რუსიფიკაციის პროცესზე და მხარი დაუჭიროს გალის რაიონის მოსწავლეების ძირითად უფლებას - საშუალო განათლება მიიღონ მშობლიურ, ქართულ ენაზე".

 


როგორც გალის რესურსცენტრის ხელმძღვანელი ნონა შონია აცხადებს, აფხაზური ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, სამწუხაროდ ვითარება ძალიან შეიცვალა, რამაც ხარისხიანი განათლების მიღება გაართულა და მასწავლებლებისა და მოსწავლეების უფლებები შელახა. ის ამბობს, რომ საგნების იძულებით რუსულად სწავლამ მოსწავლეების აკადემიურ ხარისხზეც ძალიან ნეგატიურად იმოქმედა.

 


"მწარე რეალობა გვიჩვენებს, რომ იგნორირებულია ქართველის მშობლიური დედა ენა და დომინანტი რუსული ენა გახდა. ბავშვებს მშობლიურ ენადაც რუსული ენა უფიქსირდებათ და ქართული განათლებამიღებული ქართველი მასწავლებლებიც იძულებულები არიან ბავშვებს რუსულ ენაზე ასწავლონ.

 


"საგნების ახსნა მასწავლებლებსაც უჭირთ ენის სრულფასოვნად არ ფლობის გამო და გაკვეთილის გაგება უჭირთ მოსწავლეებსაც. ამიტომ მასწავლებლები საკუთარი სამსახურისა და სიცოცხლის ფასად ცდილობენ ბავშვებს საგნები ქართულად, ქართული წიგნებით, მალულად ასწავლონ.

 


"ეს ძალიან დიდი რისკია, რადგან იყო შემთხვევები, როდესაც გაკვეთილებზე გაუფრთხილებლად შედიოდნენ აფხაზური დე ფაქტო ადმინისტრაციის თანამდებობის პირები შესამოწმებლად. იგივე რაიონის პროკურორი ან მისი მოადგილე, ან ადმინისტრაციის წარმომადგენელი და პედაგოგს და მოსწავლეს ამოწმებდნენ რა ენაზე ტარდებოდა მეცადინეობა", - ამბობს შონია.

 


ის აღნიშნავს იმასაც, რომ მასწავლებლები გაფრთხილებულები არიან, მხოლოდ რუსულ ენაზე უნდა წარმართონ გაკვეთილები, წინააღმდეგ შემთხვევაში ადგილის დატოვებით ემუქრებიან.

 


"ჩვენ სხვადასხვა წლების შემთხვევები გაქვს, როდესაც ქართული ღონისძიებების ჩატარების გამო, ქართულ მხარესთან, როგორც სხვა ქვეყანასთან თანამშრომლობის გამო, პედაგოგებს ბრალი ანტიკონსტიტუციურ ქმედებაში დასდებია და სამსახურიდან გაუთავისუფლებიათ. იყო შემთხვევები, როდესაც ასეთ ადამიანებს გალის რაიონიც კი დაატოვებინეს", - ამბობს შონია.

 


მისი თქმით, აფხაზეთში ქართულად სიმღერა და ქართული ცეკვაც კი აკრძალულია და ეს მაშინ, როდესაც აფხაზეთში მაგალითად სომხური ენა და სომხურად სწავლება ხელშეწყობილია.


შონიას განცხადებით, საუბარია იმაზე, რომ აფხაზეთში 40-მდე სომხური სკოლაა და სომხური დიასპორაც ხელს უწყობს ამ სკოლების განვითარებას. ამის პარალელურად კი ქართულად სწავლება მიზანმიმართულად იკრძალება. ოღონდ ქართული ენა არ ისმოდეს და მეგრული ენის წახალისებაც კი დაიწყეს.

 


"სწავლების რუსულად შეცვლის გამო მისწავლეებმა გალის რაიონის სხვადასხვა სკოლები დატოვეს და ენგურს გამოღმა გადმოვიდნენ სასწავლებლად. 2015-2016 სასწავლო წლების პირველ სემესტრში 54 მოსწავლე გადავიდა ენგურს გამოღმა სასწავლებლად, მეორე სემესტრში კი - 11.

 


"უმეტესობა ბავშვის მშობელს განცხადებაში უწერია, რომ მისი შვილი ვერ სწავლობს რუსულენოვან სწავლებაზე გადასვლის გამო და ამიტომ სურს შვილს სწავლა-განათლება ქართულად მიაღებინოს", - აღნიშნავს შონია.

 


მისი თქმით, ადრე საუბარი იყო მეგრული სწავლების შემოღებაზეც. 2013 წელს მეგრული "დედა ენაც" დაიბეჭდა, მაგრამ ადგილობრივ მოსახლეობაში ამას დაინტერესება ვერ მოჰყვა და ამიტომ ამან განვითარება ვერ ჰპოვა.

 


თუმცა დღესაც, აფხაზები ადგილობრივ ბავშვებსა და მასწავლებლებს ეუბნებიან, გაკვეთილზე რამეს თუ ვერ გაიგებთ, რუსულიდან მეგრულად თარგმნეთ და არა ქართულადო.

 

 

 


Source 

Tags:

Previous Page 

Webmaster

 

Announcements

Beyond the Shelter

The youth exhibitions and installations

Women’s Fund in Georgia is honored to invite you to 2016 Kato Mikeladze Award Ceremony

 

Video archive

Research on Youth Views on Gender Equality

 

Gender policy

Three women vie to become next Paris mayor

With a nod from parliament, Greece gets first female president

Barack Obama: Women are better leaders than men

 

Photo archive

Swedish politicians visit in WIC

 

Trafficking

To end slavery, free 10,000 people a day for a decade, report says

Interpol rescues 85 children in Sudan trafficking ring

Mother Teresa India charity 'sold babies'

 

Hot Line

Tel.: 116 006

Consultation Hotline for victims of domestic violence

Tel.: 2 100 229

Consultation Hotline for victims of human trafficking

Tel.: 2 26 16 27

Hotline Anti-violence Network of Georgia (NGO)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker