ზვიად დევდარიანი, პატივისა და ღირსების შელახვისთვის სასამართლოს მიმართავს. სარჩელი შევა იმ ქალების წინააღმდეგ, ვინც მას სექსუალურ შევიწროვებაში ადანაშაულებს, ასევე იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვინც, მისი თქმით, ამ თემის ტირაჟირებას უწყობდა ხელს. ამის შესახებ დევდარიანმა სახალხო დამცველის ოფისში, ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"ორი კვირის წინ გადმომეცა სამი საჩივარი სახალხო დამცველისგან, ეს არის დაახლოებით 2-3-გვერდიანი ჭორაობა ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე. სადაც მოწმეები ამბობენ, რომ მათ ნამდვილად მოუყვნენ ამის შესახებ, ეს არის მაქსიმუმი. და ამ 2-3 გვერდიან განცხადებებზე 42-გვერდიანი უკუგებაა ჩემი მხრიდან მიცემული. თითოეულ აბზაცს, თითოეულ სიტყვას ვცემ მე პასუხს და ვამხელ ამ ადამიანებს სიცრუეში", - აცხადებს ზვიად დევდარიანი. ის სასამართლოს დაახლოებით 8 პირის წინააღმდეგ მიმართავს.
"ესენი არ არიან მხოლოდ რიგითი პირები, ესენი არიან იმ ჯგუფის წევრები, ვინც დაგეგმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდში საკუთარი კანდიდატურის გაყვანა", - აცხადებს დიმიტრი გაბუნია.
ის სახალხო დამცველს მოუწოდებს დროულად დადოს დასკვნა ამ საქმეზე.
სექსუალურ შევიწროვებაში დადანაშაულებულმა ზვიად დევდარიანმა 3 აპრილს განაცხადა, რომ სამართლებრივ ბრძოლას იწყებს. ადვოკატი შსს-სგან ზვიად დევდარიანის სასწრაფოდ გამოკითხვას ითხოვდა.
დევდარიანის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებთან დაკავშირებით, შსს-მ 2018 წლის 23 მარტს გამოძიება სსკ-ის 151-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ადევნებას გულისხმობს.
Using materials of the site the reference on GINSC with the indication of the author is obligatory The Portal GINSC is supported by the Kvinna til Kvinna Foundation