Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

ზრუნვა დევნილთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაზე, თუ წყალში გადაყრილი ფული?!

ქეთი არჯენიშვილი
კატეგორია: დევნილები 
2010-04-01

სპექტრი. საქართველოს ზოგიერთ რეგიონში იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლების პროცესი მეტ-ნაკლები ხარვეზებით თითქმის დასრულდა. კახეთის რეგიონში კი, როგორც აღმოჩნდა, ამ კუთხით დახარჯული თანხები `წყალში გადაყრილია.~ გურჯაანის მუნიციპალიტეტში კურორტ `ახტალაზე~ მცხოვრები დევნილებისთვის რაიონული ცენტრიდან 8 კილომეტრით დაშორებულ სოფელ ბაკურციხეში ყოფილი ტექნიკუმის ორი საცხოვრებელი კორპუსი ნაჩქარევად გაარემონტეს. ჩატარებული სამუშაოების ხარისხი მალევე გამოიკვეთა - დანესტილ შენობაში რემონტი შეილახა და ლამინირებული იატაკი თითქმის ყველა ოთახში ამოიბურცა. უნდა აღინიშნოს, რომ სარემონტო სამუშაოების დაწყებამდე დევნილებმა იქ გადასვლაზე კატეგორიული უარი განაცხადეს და ახლა დაკეტილი კორპუსები თანდათან კიდევ უფრო ზიანდება.

"საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის" ოფიციალური ვებ-გვერდის მონაცემებით, "2008 წლის აგვისტოს საომარი მოქმედებების შემდეგ ევროკომისიამ, იძულებით გადაადგილებულ პირთა სამოქმედო გეგმის მხარდასაჭერად, რაც გულისხმობს ბიუჯეტის მიზნობრივ დაფინანსებას, შეიმუშავა ოთხწლიანი ინდიკატური პროგრამა. აღნიშნული პროგრამა შედგება ორი ნაწილისგან. პირველი ნაწილის მოცულობა შეადგენს 10 მილიონ ევროს, საიდანაც 9,8 მილიონი ევრო ხმარდება კაპიტალური დანახარჯების ანაზღაურებას (მშენებლობა-რეაბილიტაციას), ხოლო მეორე ნაწილის მოცულობა 51,5 მილიონი ევრო, საიდანაც 50,7 მილიონი ხმარდება კაპიტალური დანახარჯების ანაზღაურებას (მშენებლობა-რეაბილიტაციას). აღნიშნული პროგრამის ფარგლბში უკვე განხორციელდა 9 სოფელში 1 263 სახლის 50%-იანი დაფინანსება (დანარჩენი 50% მსოფლიო ბანკის მიერ იქნა დაფინანსებული)."

ამ პროგრამის ფარგლებში "მუნიციპალური განვითარების ფონდის"(მგფ) მიერ განხორციელებული სარეაბილიტაციო ობიექტების სიაში შევიდა კახეთის რეგიონი. თელავში გვარდიის ყოფილი შენობის, საგარეჯოს პროფტექნიკუმის საერთო საცხოვრებლის, გურჯაანის რაიონის სოფელ ბაკურციხის ტექნიკუმის საერთო საცხოვრებლის ორი კორპუსის სარემონტო, გარე წყალსადენისა და კანალიზაციის მოწყობის სამუშაოები.

ამ ჩამონათვალიდან აღსანიშნავია გურჯაანის მუნიციპალიტეტი. კერძოდ, სოფელ ბაკურციხეში აღნიშნული პროექტის ფარგლებში 2009 წელს ყოფილი ტექნიკუმის საერთო საცხოვრებლის ორ კორპუსს სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდა, სადაც ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, კურორტ "ახტალაზე" 1990 წელს ჩასახლებული დევნილები უნდა გადასულიყვნენ. თუმცა მათ ამ შეთავაზებაზე კატეგორიული უარი ჯერ კიდევ სამუშაოების დაწყებამდე განაცხადეს. 2009 წლის დასაწყისში ხელისუფლების წარმომადგენლებმა აქტიური მოლაპარაკებები დაიწყეს დევნილებთან. "ჩვენთან მოდიოდნენ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან, კონტროლის პალატიდან, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც და საცხოვრებლად სოფელ ბაკურციხეში გადასვლას გვთავაზობდნენ. გვპირდებოდნენ, რომ შემდგომში იმ ბინებს კერძო საკუთრებაში გადმოგვცემდნენ, მაგრამ ამ შემოთავაზებაზე თავიდანვე უარი ვთქვით. ჩვენთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს არც ფართს და არც საცხოვრებელ პირობებს. 17 წელია `ახტალაზე~ ვცხოვრობ, აქ უკვე ძალიან ცოტა ლტოლვილი დარჩა: 100 ოჯახიდან ახლა 40-45-ია შემორჩენილი. უმრავლესობა ვერ მოეკიდა საქმეს, რათა ოჯახები ერჩინა, ამიტომ თბილისში წავიდა. ვინც დავრჩით, პატარა საარსებო წყარო მოვნახეთ და ახლა სხვაგან გადასვლა საკმაოდ გაგვიჭირდება. ბაკურციხე რაიონიდან მოშორებულია და ამის გამო ჩვენთვის მიუღებელია. გარდა ამისა, როგორც ამბობენ, შენობა ხარისხიანადაც არ გაურემონტებიათ, სტანდარტებს არ შეესაბამება, მაგრამ ამაზე არაფერს ვამბობთ, მთავარია, ადგილი იყოს ნორმალური და რემონტს, თუ საჭიროა, მე გავაკეთებ. ხალხი იქიდან გამორბის და ჩვენ ტყეში წავიდეთ? ჩემი საარსებო წყარო ქალაქ გურჯაანის ბაზარში ვაჭრობაა, ბაკურციხიდან რომ ყოველდღიურად ვიარო, 5 ლარი გზაში დამეხარჯება და ოჯახი რითღა ვარჩინო?! თავიდანვე ძალიან გვაწუხებდნენ, რომ ბაკურციხეში გადავსულიყავით, მაგრამ ჩვენ კატეგორიული უარი ვთქვით. მათ კი რემონტი მაინც ჩაატარეს," _ აღნიშნა თინა გასვიანმა. დევნილები იმაზეც საუბრობენ, რომ შემოთავაზებების დროს ხელისუფლების წარმომადგენლები მათ მიმართ საკმაოდ აგრესიულები იყვნენ. "ზოგადად, ლტოლვილების მიმართ საკმაოდ აგრესიულობას იჩენდნენ, ეს განსაკუთრებით მაშინ გამოვლინდა, როცა ჩვენი მხრიდან ბაკურციხეში გადასვლაზე მათ მტკიცე უარი მოისმინეს. არ გაითვალისწინეს ჩვენი პასუხი და რემონტი ნაჩქარევად, დაახლოებით, თვე-ნახევარში ჩაატარეს. ვიცით, რომ კედლებიდან ჩამოცვენილია საღებავი და იატაკიც ამობერილია, რემონტი გაფუჭებულია, ეს ხომ ფულის წყალში გადაყრაა?! ჩვენ ფულად კომპენსაციას ვითხოვთ, მაგრამ უარს გვეუბნებიან. ახლა ველოდებით ინვესტორს, რომელიც "ახტალას" შეისყიდის და იმდენ თანხას გადაგვიხდის, რომ სახლები შევიძინოთ. ჩვენ იქნებ იმერეთში გვინდა ბინა, რატომ გვაიძულებენ აქ დარჩენას?" _ ამბობენ "ახტალაზე" მცხოვრები დევნილები.

კონტრაქტორი ფირმაა შპს `მშენებელი 80~, რომელმაც 2009 წლის თებერვლის ბოლოს დაიწყო სოფელ ბაკურციხეში ყოფილი ტექნიკუმის ბაზაზე არსებული საერთო საცხოვრებლის ორი კორპუსის გარემონტება და 15 მაისს დაასრულა (ბინების რაოდენობა 41; ფაქტიური ღირებულება 702, 189 ლარი, გადარიცხვა 685 ათასი ლარი). თუ რა მდგომარეობაშია ახლა და როგორ გამოიყურება შენობები, მისი შეფასება ნებისმიერ ადამიანს შეუიარაღებელი თვალითაც შეუძლია: სინესტის გამო ამობურცული იატაკი და ადგილ-ადგილ დაბზარული კედლები, ზედა სართულზე სახურავიდან ჩამოსული წყალი _ ასეთი სურათი დაგვხვდა, როდესაც გარემონტებული შენობის სანახავად მივედით. იმის გასარკვევად, თუ რატომ დაზიანდა ასე მოკლე დროში ახლადჩატარებული რემონტი, `სპექტრი~ შეეცადა აღნიშნული ფირმის წარმომადგენლებს დაკავშირებოდა, თუმცა ჩვენთვის ხელმიუწვდომელი აღმოჩნდა მათი საკონტაქტო ინფარმაცია. სპეციალისტების თქმით კი, შენობა, რომელიც პერიოდულად არ ნიავდება, ნელ-ნელა ფუჭდება. კორპუსებს დარაჯი აღარ ჰყავს. "როცა რემონტი დასრულდა, სამშენებლო კომპანიამ დარაჯად დამიქირავა და 5 თვე მიხდიდნენ ხელფასს, შემდეგ კი მათი მხრიდან არავინ გამომხმაურებია. როგორც ჩანს, დარაჯი აღარ არის საჭირო. ორივე კორპუსი მებარა და დღე და ღამ აქ ვიყავი. ოთახები ნესტიანი იყო და ყოველდღე კარ-ფანჯრებს ვხსნიდი, რომ განიავებულიყო. ახლაც ვაქცევ ყურადღებას, მაგრამ როდემდე უნდა ვიყო ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი? რა ხდება, ვის ეკუთვნის ეს შენობები, რა ბედი შეიძლება ეწიოს? გაგვარკვიონ. გაძარცვის შემთხვევა ჯერ არ ყოფილა, მაგრამ ხვალ და ზეგ რა იქნება, არ ვიცით," _ ამბობს შენობის ყოფილი დარაჯი ალიკა ქურთიაშვილი. შენობის მიმდებარე ტერიტორიას გივი ქურთიაშვილი დარაჯობს: "ეს ტერიტორია დაახლოებით 20-ჰა ფართობისაა და სხვადასხვა შენობებია განთავსებული _ ყოფილი სასწავლებელი, სასადილო, ფარეხები, საწყობები, სარაჯიშვილის სახლ-მუზეუმი და სხვა. მე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ დამიქირავა და ხელფასსაც ის მიხდის, მაგრამ ამ კორპუსებზე მეთვალყურეობა ჩემს მოვალეობაში არ შედის. როგორც შემიძლია, ყურადღებას მაინც ვაქცევ, რადგან ამ სოფლიდან ვარ და გული შემტკივა. აქ დარაჯი საერთოდ რომ არ იყოს, შენობები გაპარტახდებოდა და გაიძარცვებოდა" _ ამბობს გივი ქურთიაშვილი.

აღნიშნულ პროცესში ადგილობრივი ხელისუფლების როლი, როგორც გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელი გიორგი ჩივიაშვილი განმარტავს, ზედაპირულია."ამ პოროცესებში ჩვენ არ ვიყავით ჩართულები. სარემონტო სამუშაოების შემდეგ იმ მიზნით, რომ არ მომხდარიყო კორპუსების გაძარცვა, განადგურება და დაზიანება, დავიქირავეთ ადამიანები და ისინი უდარაჯებენ იქამდე, სანამ არ მოხდება დევნილების გადაყვანა. რაც შეეხება იმ საკითხს, თუ ვის ბალანსზეა ეს შენობები, აღვნიშნავ, რომ ამ ტერიტორიაზე იყო სასწავლებელი, რომელიც საბალანსო ღირებულებით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეთვლებოდა. შემდეგ მოხდა ამ სასწავლებლის ლიკვიდაცია და ყველა შენობა გადაეცა ეკონომიკის სამინისტროს. გარემონტების შემდეგ ეს ორი შენობა გურჯაანის მუნიციპალიტეტს გადმოეცა, მაგრამ საბოლოოდ ვის ბალანსზე იქნება, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. საუბარია იმაზე, რომ დევნილები ახლა ცხოვრობენ `ახტალაზე~, ხვალ ან ზეგ შეიძლება ინვესტორი შემოვიდეს და კურორტი ისევ გაცოცხლდეს, რაც გურჯაანისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია. ამ დროს კი შეიძლება დევნილები ცუდ სიტუაციაში აღმოჩნდნენ, რადგან ჯერ არ ვიცით, რა პირობით შეისყიდის. შეიძლება მან არ იყიდოს იმ ვალდებულებით, რომ იქ მაცხოვრებელი დევნილები დააკმაყოფილოს, ამიტომ მათი ამგვარი დამოკიდებულება ცოტა გადაჭარბებულია," _ ამბობს გიორგი ჩივიაშვილი და აქვე გარემონტებულ შენობებზეც საუბრობს, _"რემონტის დასრულების შემდეგ ვნახე კორპუსები და მინდა გითხრათ, რომ გაცილებით უკეთესია იმ საცხოვრებლებზე, რომელშიც ახლა დევნილები ცხოვრობენ. რემონტი საკმაოდ კარგადაა ჩატარებული, გარე ფასადიც კი მოწესრიგებულია. ახლა რა მდგომარეობაშია ეს შენობები, ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ ვიცი, რომ დაცულია, დაკეტილია და არ იძარცვება. რაც შეეხება რემონტს, როცა შიგნით არავინ ცხოვრობს და ფანჯრები არ იხსნება, რა თქმა უნდა, დაინესტება და დაზიანდება."

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს"ინფორმაციით, 2008 წლის ბრიუსელის დონორთა კონფერენციაზე, იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახმარებლად საერთაშორისო დონორებმა 360 მილიონ აშშ დოლარზე მეტი გაითვალისწინეს. თანხის ამ რაოდენობიდან, სულ მცირე, 174 მილიონი განისაზღვრა როგორც ძველი, ისე ახალი დევნილების გრძელვადიანი განსახლებისთვის. აღნიშნულ ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ მათ არ გააჩნიათ ზუსტი ინფორმაცია იმის შესახებ, თანხის რა ნაწილი მოხმარდა 1990-იან წლებში იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაციას. მათი მონაცემებით, დევნილთა გრძელვადიანი განსახლების დაფინანსების მხრივ, უმსხვილესი დონორები არიან ევროკომისია, აშშ-ის მთავრობა და გერმანია. სამივე მათგანმა დააფინანსა ახალი დასახლებების მშენებლობა და ძველ იძულებით გადაადგილებულ პირთა სახლების რეაბილიტაცია. მათივე განმარტებით, მართალია, დაწვრილებითი ინფორმაცია `ახტალის~ საქმესთან დაკავშირებით არ გააჩნიათ, მაგრამ მათ ანგარიშებში დაფიქსირებულია, რომ "მოხდა იძულებით გადაადგილებულ პირთა ინტერესების უგულებელყოფა და მთავრობამ გადაწყვიტა მათთვის გაერემონტებინა ბაკურციხეში (მდებარეობს გურჯაანიდან 8 კილომეტრში) მდებარე შენობა, იმის მიუხედავად, რომ ეს გამოიწვევდა იძულებით გადაადგილებულ პირთა საარსებო შემოსავლის შემცირებას. ჩანს, რომ იძულებით გადადგილებულ პირებს ერჩივნათ ფულადი დახმარების მიღება და საცხოვრებელი ადგილის ყიდვა (გურჯაანში). ითქვა, რომ მათ ხელისუფლებას შესთავაზეს კიდეც გურჯაანში მდებარე სხვა მიტოვებული შენობის გარემონტება, მაგრამ მთავრობამ ეს შეთავაზება არ მიიღო. ჩვენ მხოლოდ სპეკულირება შეგვიძლია იმის თაობაზე, თუ რატომ გადაწყვიტა მთავრობამ ამგვარად - რატომ გაარემონტა ბაკურციხეში მდებარე შენობა და რატომ არ გამოიყენა გარემონტებაზე დახარჯული თანხა იძულებით გადაადგილებულ პირთა ერთჯერადი ფინანსური დახმარებისთვის (როგორც საცხოვრებლით უზრუნველყოფის ალტერნატიული ღონისძიება). ზოგადად, ხელისუფლებას არ სურს დევნილებისათვის ერთჯერადი ფინანსური დახმარების გაღება როგორც საცხოვრებლით უზრუნველყოფის ალტერნატიული ღონისძიება, რადგან მისი მტკიცების თანახმად, ეს გამოიწვევს სამშენებლო სამუშაოების საბაზრო ფასების ზრდას და შედეგად იძულებით გადაადგილებული პირები, მათთვის გამოყოფილი მაქსიმუმ 16 ათასი ლარით ვერ შეძლებენ ნორმალური საცხოვრებელი ადგილის შეძენას. ამასთან, ოჯახისთვის ნაღდი ფულის გადაცემა შეიცავს უამრავ რისკს იმ გაგებით, რომ ოჯახის რომელიმე წევრმა, შესაძლოა, თანხის ნაწილი ან მთლიანად სახლის შეძენის ნაცვლად, სხვა რამეზე დახარჯოს. ეს კიდევ ერთი მიზეზია, რის გამოც დონორები მთავრობას ურჩევენ, რომ თანხის გაცემის ნაცვლად, თავად მოაგვარონ საბინაო პრობლემები. რა თქმა უნდა, ზუსტად ისევე, როგორც არსებობს რისკი იმისა, რომ ცალკეული ადამიანი არამიზნობრივად დახარჯავს გამოყოფილ თანხას, არსებობს იმის რისკიც, რომ იძულებით გადაადგილებულ პირთა სახლებზე მთავრობის მიერ გამოყოფილი თანხებიც არაგონივრულად დაიხარჯება, მაგალითად, სტრუქტურულად დაზიანებული შენობის შეკეთება, მეტად ძვირადღირებული სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა, ან იძულებით გადაადგილებულ პირთა ისეთ ადგილებზე გადაყვანა, სადაც მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა კიდევ უფრო გამწვავდება," _ აღნიშნულია "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" მიერ მომზადებულ ანგარიშებში.

ვიდრე სახელმწიფოსა და დევნილებს შორის განსახლების საკითხებზე შეთანხმება მოხდება, დაახლოებით, ათი თვის წინ გარემონტებული სოფელ ბაკურციხის ყოფილი ტექნიკუმის საცხოვრებელი კორპუსები ნელ-ნელა ზიანდება.

 

ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი „სპექტრი“

წყარო 

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker