Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

XX საუკუნის ფენომენი: ქალი-პოლიტიკოსების დაწინაურება

გოგი თუშმალიშვილი
კატეგორია: ეს საინტერესოა 
2011-07-11

გასული საუკუნის მეორე ნახევრიდან მოყოლებული, თანამედროვე პოლიტიკური სისტემების პირობებში გახშირდა ხელისუფლებაში ქალი-პოლიტიკოსების დაწინაურება.

ეს ფენომენი მეტწილად გამოწვეულია მსოფლიო მასშტაბით ქალთა ემანსიპაციისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების მზარდი დემოკრატიზაციის პროცესით. თუკი ძველად ქალთა წარმომადგენლობა თუნდაც ყველაზე დემოკრატიული ქვეყნების აღმასრულებელ ხელისუფლებებში დიდი იშვიათობა იყო, 1960-იანი წლების დასაწყისიდან მთავრობისა თუ სახელმწიფოს მეთაურად ქალი-პოლიტიკოსის გამოჩენა სულ უფრო და უფრო ხშირ მოვლენად იქცა. ასე მაგალითად, თუ 1960-იან წლებში მთავრობის მეთაურის ფუნქციას სულ სამად სამი ქალი - შრი-ლანკას პრემიერ მინისტრი სირიმავო ბანდარანაიკე (1960-65), ინდოეთის პრემიერ მინისტრი ინდირა განდი (1966-80) და ისრაელის მთავრობის თავმჯდომარე გოლდა მეირი (1969-74) ასრულებდა, 1970-80-იან წლებში მთელ მსოფლიოში ქალი მთავრობის თავმჯდომარეთა რიცხვი კიდევ უფრო გაიზარდა: დიდ ბრიტანეთში აირჩიეს პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი მარგარეტ ტეტჩერი (1979-89), ნორვეგიაში გრიუ ჰარლემ ბრუნტლანდი (1981 და 1986-89), იუგოსლავიის მთავრობის მეთაური მილკა პლანინჩი გახდა (1982-86), ხოლო პაკისტანისა ბენაზირ ბჰუტო (1988-93). 1990-იან წლებში ქალი-პოლიტიკოსები მსოფლიოს უკვე ათამდე ქვეყნის მთავრობას თავმჯდომარეობდნენ. მათგან ყველაზე ცნობილნი არიან ლიტვის, საფრანგეთის, თურქეთის, კანადისა და ახალი ზელანდიის პრემიერ მინისტრები კაზიმირა პრუნსკენე (1990-91), ედიტ კრესონი (1991-92), თანსუ ჩილერი (1993-96) კიმ კემპბელი (1993) და ჰელენ კლარკი (1999-2008). 2000-იან და 2010 წლებში ქალ-მთავრობის მეთაურთა რიცხვი ოცამდე გაიზარდა. მათ შორის, უკრაინელი იულია ტიმოშენკო (2005 და 2007-2010), გერმანელი ანგელა მერკელი (2005-დან დღემდე), მოლდაველი ზინაიდა გრეჩენაია (2008-2009) და სხვები. დროთა განმავლობაში ქალი-პოლიტიკოსები დაწინაურდნენ არა მხოლოდ მთავრობის, არამედ სახელმწიფოს მეთაურებად. 1974 წელს არგენტინელი იზაბელ პერონი გახდა დასავლეთ სამყაროს პირველი არამონარქი სახელმწიფოს მეთაური ქალი. მის მაგალითს მალევე მიბაძეს ისლანდიელმა ვიგდის ფინბოგადოტირმა (1980), ფილიპინელმა კორასონ აკინომ (1986), ნიკარაგუელმა ვიოლეტა ბარიოს-ჩამორომ (1990), ლატვიელმა ვაირა ვიკე-ფრეიბერგამ (1999), კიდევ ერთმა ფილიპინელმა გლორია აროიომ (2001), ჩილელმა მიშელ ბაშლემ (2006), არგენტინელმა კრისტინა კირშნერმა (2007) და სხვებმა. თუკი სოციოლოგიური თვალსაზრისით მამაკაც-პოლიტიკოსთა უკვე განხილული ტიპოლოგიის ჭრილში ქალ-ხელისუფალთა კლასიფიცირებას მოვახდენთ, სრულიად ბუნებრივი იქნება ამ ქალბატონების გარკვეულ კატეგორიებში მოთავსება გამომდინარე მათი მმართველობის სტილიდან და იმ სოციალურ-პოლიტიკური კონტექსტიდან, რომელშიც მოუწიათ მოღვაწეობა. ისევე როგორც მამაკაცებთან, ქალ-პოლიტიკოსთა შორისაც გვხვდებიან "ქარიზმატული ლიდერები", "ერის დედები" და "რიგითი მოქალაქეები" (თუმცა, თუ მამაკაც-პოლიტიკოსთა ტიპოლოგიაში არსებულ Common Man-ს ჩვენ "კაცი ქუჩიდან" ვუწოდეთ, ამ შემთხვევაში, მდედრობითი სქესის წარმომადგენლების მისამართით, ალბათ უპრიანი იქნება ამ კატეგორიის ქალი-პოლიტიკოსები "მმართველ ქალბატონად" მოვიხსენიოთ). ერთადერთი განსხვავება, ალბათ "გმირი-პოლიტიკოსის" ტიპაჟთან მიმართებაში მდგომარეობს, ვინაიდან "გმირის" პერსონაჟი (დე გოლი, ფრანკო, სტალინი, მაო, კასტრო, პინოჩეტი, ნასერი, კადაფი და სხვები) გარკვეულ საბრძოლო გამოცდილებას მოითხოვს.

"გმირი-პოლიტიკოსი" ომგამოვლილი, დამოუკიდებლობისთვის, ანდაც დეკოლონიზაციისთვის მებრძოლი ლიდერია. ზოგჯერ ის "ზეკაცის" რანგში სახელმწიფო გადატრიალებისა და მკაცრი ერთპიროვნული რეჟიმის დამყარებისას აღზევდება ხოლმე. ბუნებრივია, ქალი-პოლიტიკოსის მსგავსი ანალოგი თანამედროვე პოლიტიკური სისტემების პირობებში არ არსებობს. სამაგიეროდ, ზოგიერთი ლიდერის სტატუსს თავისუფლად მიესადაგება "გმირთან" კონცეპტუალურად ახლოს მყოფი "ერის მამის", ამ შემთხვევაში - "ერის დედის" ტიპაჟი. აღსანიშნავია ისიც, რომ ხშირად ქალი-პოლიტიკოსი ხელისუფლებაში მისი მშობლის, ან მეუღლის მიერ "გაკვალულ ბილიკზე" მოდის. ანუ, ის სარგებლობს მაქვს ვებერის მიერ განსაზღვრული ე.წ. "ისტორიული ლეგიტიმურობით", როდესაც ძალაუფლების მოპოვება ტრადიციის, "წარსულის ნოსტალგიის" ინერციით არის ხოლმე განპირობებული. მსგავსი მოვლენა განსაკუთრებით ხშირია განვითარებად ქვეყნებში არსებული ერთპიროვნული, პერსონიფიცირებული ძალაუფლების პირობებში, როდესაც ცნობილი პოლიტიკოსის ქალიშვილი, ანდაც მეუღლე მისი საქმეების ბუნებრივ გამგრძელებლად მოიაზრება ხოლმე.

1960 წელს, კუნძულ ცეილონის პრემიერ მინისტრის, სოლომონ ბანდარანაიკეს მკვლელობის შემდეგ მთავრობის თავმჯდომარედ მისი 44 წლის მეუღლე აირჩიეს და შედეგად, სირიმავო ბანდარანაიკე მსოფლიოში პირველი პრემიერ მინისტრი ქალი გახდა. "მტირალა ქვრივი" ("Weeping widow"), როგორც მას ქმრის საქმისადმი ერთგულების შესახებ საჯარო განცხადებებისა და ხშირი ცრემლების გამო ეძახდნენ, თანდათანობით საერთაშორისო რენომეს მქონე პოლიტიკურ ფიგურად ჩამოყალიბდა. 1972 წელს განვითარების სოციალისტურ გზაზე მდგომ კუნძულ ცეილონს ოფიციალურად შრი-ლანკა ეწოდა, ხოლო 1976-ში ბანდარანაიკე თავისი პოლიტიკური კარიერის ზენიტში აღმოჩნდა, როდესაც ის არმიერთებული ქვეყნების მოძრაობის თავმჯდომარედ აირჩიეს და მისმა ქვეყანამ ამავე მოძრაობის კონფერენციას უმასპინძლა. ეს კონფერენცია დღემდე მიიჩნევა უმსხვილეს საერთაშორისო ფორუმად, რომელიც ოდესმე ჩატარებულა შრი-ლანკაში. თუმცა, პოლიტიკოსი-ქალის არქეტიპად, ე.წ. "ერის დედის" განსახიერებად, ინდოეთის პრემიერ მინისტრი 1966-77 და 1980-84 წლებში ინდირა განდი გვესახება. თხელი, ფაქიზი სილუეტის მიუხედავად, ინდირა განდიმ სრულად შესძლო თავისი, როგორც პოლიტიკოსის იერსახის დისტანცირება სუსტი სქესის წარმომადგენელთან: "პრემიერ მინისტრის როლში მე ქალი არ ვარ, მე ადამიანი (a human being) ვარ", ამბობდა ის.

ამავე დროს საგულისხმოა, რომ ძალაუფლების მწვერვალზე მოსახვედრად ინდირა განდის სწორედ რომ ერთგვარი "ისტორიული ლეგიტიმურობა" უწყობდა ხელს. მამამისმა ჯავაჰარლარ ნერუმ, ქვეყნის პრემიერ მინისტრმა და ცენტრალურმა ფიგურამ ინდოეთის გამანთავისუფლებელ მოძრაობაში, ინდირა ჯერ კიდევ ახალგაზრდა ასაკში ჩართო პოლიტიკურ პროცესებში, როდესაც პრემიერ მინისტრის არაოფიციალური თანაშემწის როლი უბოძა. "ბავშვობიდანვე ჩემი საყვარელი გასართობი მაგიდაზე აძრომა და შინაურების წინაშე სიტყვების წარმოთქმა იყო. ყველა ჩემი თამაშობა პოლიტიკას უკავშირდებოდა. ჟანა დ’არკივით მუდამ საბრძოლველად შემართული ვიყავი", აცნობა ინდირამ განდიმ ჟურნალ "ნიუსვიკს" 1975 წელს.

მართლაც, პოლიტიკურ მწვერვალებზე ასასვლელად ინდირა, როგორც ჩანს, ადრიდანვე ემზადებოდა. 1940-იანი წლების დასაწყისში მან აიძულა თავისი სპარსული წარმოშობის მეუღლე ფეროზ ხანი, რომ გვარი შეეცვალა ისეთზე, რომელიც საუკეთესოდ მოერგებოდა დამოუკიდებელი ინდოეთის ცნებას. შესაბამისად, როდესაც ფეროზ ხანი განდით გადაკეთდა, მაჰათმა განდისთან ნათესაური კავშირის არარსებობის მიუხედავად, ინდირას, როგორც მომავალი მმართველის "ისტორიულმა" ლეგიტიმურობამ, კიდევ მეტი წონა შეიძინა. პოლიტიკაში ქალის იდენტურობასთან დისტანცირებისა და ტიპიურად მამაკაცური რკინისებური ნებისყოფის გამოვლინება ინდირა განდის მრავალჯერ მოუწია. 1971 წელს აღმოსავლეთ პაკისტანის ირგვლივ გაჩაღებული კონფლიქტისას, ინდოეთმა სძლია პაკისტანს და დაიბადა სახელმწიფო ბანგლადეში.

1972 წელს "ჩინეთის ჰეგემონიის" დასაძლევად ჯერ კიდევ ხუთი წლის წინ წამოწყებული პროცესის ფარგლებში, ინდოეთმა წარმატებით გამოსცადა ბირთვული იარაღი. 1975 წელს ქალაქ ალაჰაბადის უზენაესმა სასამართლომ გაყალბების მოტივით გააბათილა საპარლამენტო არჩევნების შედეგები. ინდირა განდის ხელისუფლებაში ყოფნა ხიფათის ქვეშ აღმოჩნდა. შედეგად, განდიმ შემოაღებინა საგანგებო მდგომარეობა, რითაც თითქმის დიქტატორული უფლებამოსილება შეიძინა. ინდურ პრესას "პასუხისმგებლობითი ქცევის" კოდექსი დაუწესდა. ათი ათასობით ოპოზიციონერი პოლიტიკური აქტივისტი დააპატიმრეს. ინდირა განდის მმართველობის უკანასკნელ წლებში მოხდა მისი, როგორც ეროვნული გმირის, ფაქტიური იდენტიფიცირება ქვეყანასთან და ინდოეთში პრაქტიკულად პიროვნების კულტი ჩამოყალიბდა. "ინდირა ინდოეთია და ინდოეთი - ინდირაა", ამტკიცებდნენ მისი მომხრეები. 1984 წელს სიკხების ამბოხების პირობებში, ინდირა განდი მოკლეს საკუთარი დაცვის ორმა სიკხმა წევრმა. მისი დაკრძალვის ცერემონიალის ტელეტრანსლაცია მრავალ ქვეყანაში გადაიცა. მაგრამ, ინდოეთში ჯავაჰარლარ ნერუსა და ინდირა განდის პოლიტიკური ტრადიციები ამით არ ამოიწურა. 1984 წელსვე პრემიერის პოსტზე გარდაცვლილი ინდირა განდი მისმა შვილმა, რაჯივ განდიმ შეცვალა. თავის მხრივ, რაჯივ განდის მკვლელობის შემდეგ (1991 წელს), ქვეყნის ორიდან ერთი უმსხვილესი პოლიტიკური პარტიის, "ინდოეთის ეროვნული კონგრესის" (Indian National Congress) მესვეურებმა პარტიის თავმჯდომარობა რაჯივ განდის ქვრივს, სონიას შესთავაზეს. 1946 წელს იტალიაში, ვიჩენცას მახლობლად დაბადებულმა სონია განდიმ (ნამდვილი სახელია ანტონია ალბინა მაინო) თავდაპირველად შორს დაიჭირა ეს წინადადება, მაგრამ საბოლოოდ დათანხმდა პარტიის პრეზიდენტობაზე 1998 წელს.

ამ მომენტისთვის "ინდოეთის ეროვნული კონგრესის" პარტია თანდათანობით ჩამოსცილდა ნერუს მიერ შემუშავებულ ეკონომიკური განვითარების სოციალისტურ მოდელს და სოციალ-დემოკრატიულ პლატფორმაზე გადაინაცვლა. თუმცაღა, "ინდოეთის ეროვნული კონგრესი" ინარჩუნებს სეკულარისტულ ტრადიციებსა და არმიერთების პრინციპს საგარეო პოლიტიკის სფეროში. 2004 წელს "ინდოეთის ეროვნულმა კონგრესმა" მოიგო საპარლამენტო არჩევნები და კონსტიტუციის მიხედვით პარტიის ლიდერს პრემიერ მინისტრის პოსტი უნდა დაეკავებინა. მაგრამ, ნაციონალისტური წრეებიდან წამოსული შეტევების ფონზე (რომლებიც აპროტესტებდნენ ეთნიკურად არაინდოელის დაწინაურებას მთავრობის მეთაურის პოსტზე) სონია განდიმ უარი თქვა პრემიერობაზე, "კონგრესის" კიდევ ერთი ლიდერის, მანმონაჰ სიგჰის სასარგებლოდ. ამისდა მიუხედავად, სონია განდი დღემდე ინარჩუნებს პარტიის თავმჯდომარეობას.

წყარო 

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker