Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

რუსლან პოღოსიანი: უმცირესობების ინტეგრაცია არა მხოლოდ ევროკავშირის მოთხოვნის გამოა მნიშვნელოვანი

გივი ავალიანი
კატეგორია: ეროვნული უმცირესობები 
2014-05-19


ის, რომ სხვა ეროვნების ადამიანს არსებობის ისეთივე პირობები ექნება, როგორც შენ, ამაში საშიში არაფერია. ეს უნდა ავუხსნათ ხალხს. უმცირესობების ინტეგრაცია ევროკავშირის ერთ-ერთი მოთხოვნაც არის”, - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რუსლან პოღოსიანი, რომელსაც “ნეტგაზეთი” საქართველოს ევროპულ არჩევანზე ესაუბრა.

 ბატონო რუსლან, გთხოვთ გაიხსენოთ პირველად როდის იყავით ევროკავშირის წევრ ქვეყანაში და რა მიზნით?
 
საფრანგეთში, კერძოდ, სტრასბურგში ვიყავი. ეს იყო გაცნობითი ვიზიტი. მაშინ ჩვენს კომიტეტს ჰოლანდიის საელჩო დაეხმარა და, ფაქტობრივად, სრული შემადგენლობა ჩავედით 2013 წლის იანვარში. 2 სამუშაო დღე დავყავით იქ.
 
პირველად ვიყავი ევროპაში, მაგრამ სულ ვეუბნები ხოლმე ჩემს მეგობრებს, რომ ის ქუჩები, სახლები, მანქანები თუ სკვერები, ტექნიკურად შესაძლებელია აქაც გაკეთდეს, მაგრამ თვალში რაც მომხვდა და რასაც საქართველოშიც ვინატრებდი, რომ იყოს, ეს არის ხალხის დამშვიდებული სახეები. გასაგებია, რომ ყველას აქვს პრობლემები, უპრობლემოდ არსად ცხოვრობენ. ერთია პრობლემა, რომლის გადალახვა ადვილია, მეორეა - როცა ადამიანს აქვს ისეთი ფუნდამეტური პრობლემა, როგორიც უმუშევრობაა.

ქალაქის დათვალიერება მოახერხეთ?
 
თავისუფალი დრო არ გვქონია, როგორც ასეთი. დილიდან საღამომდე ევროპარლამენტში ვიყავით, შემდეგ სასამართლოში. თან წვიამიანი დღეები დაემთხვა და ვერ მოხერხდა, რომ ქალაქი კარგად დაგვეთვალიერებინა. ამის მიუხედავად, რაღაცების ნახვა მოვასწარით. სტრასბურგში დიდი ტაძარი ვნახეთ, რომლის სახელი ახლა არ მახსოვს, თან ვერ შევედით, რესტავრაცია იყო.
 
ევროპაში ცხოვრება სისტემაშია მოქცეული. ყველამ იცის, როდის რა უნდა გააკეთოს, ეს ისაა, რასაც მე საქართველოში ვისურვებდი.
 
გარდა იმისა, რაც თქვენთვის თვალშისაცემი იყო, კიდევ რა არის ევროპა? რა ახასიათებს მას?
 
ევროპა, ჯერ ერთი, უამრავი ქვეყანაა, ყველას აქვს თავისი ისტორია, თავისი გამოცდილება. ბევრ ქვეყანას ძალიან მძიმე ისტორია აქვს, მაგრამ მოახერხეს ის წინსვლა, რომელიც დღეს სახეზეა.
 
მეტსაც გეტყვით, იმ ხანაში, რასაც ბნელი შუასაუკუნეები ერქვა, მსოფლიო რუკაზე გვხვდებოდა ქვეყნები, რომლებიც მაშინ ევროპაზე ბევრად განვითარებული იყვნენ, მაგრამ მოხდა რაღაც პროცესები, გაიაზრეს, რომ წინსვლაა საჭირო და დღეს ევროპა ცხოვრობს ისე, როგორც ცხოვრობს. ყველა მონაცემით სამაგალითო რეგიონია მსოფლიოში, დაწყებული ადამიანის უფლებების სფეროთი, დამთავრებული ეკონომიკური განვითარებით, ადამიანის, როგორც მოქალაქის როლი სახელმწიფოს განვითარებაში და, ამავდროულად, სახელმწიფოს პასუხისმგებლობები მის წინაშე, რაც ორივე მხარეს გააზრებული აქვს. ეს ძალიან პოზიტიური რამ არის. სანიმუშო და სამაგალითოა ევროპული დემოკრატიის მოდელი.
 
ადამიანის უფლებები ახსენეთ და საქართველოო ხშირად ვერ ახერხებს დაიცვას თავისი მოქალაქეების უფლებები, იქნება ეს რელიგიური თუ გამოხატვის თავისუფლება. რამდენად ევროპულია საზოგადოების დამოკიდებულება ერთმანეთთან და რატომ ვერ ახერხებს სახელმწიფო თავისი მოქალაქეების დაცვას?
 
საქართველოს საერთო ცხოვრების დიდი გამოცდილება აქვს. ცხადია, ყველა ადამიანს უნდა მიეცეს საშუალება ისარგებლოს თავისი ძირითადი უფლებებით, ეს რელიგიური რიტუალი იქნება თუ ნებისმიერი სხვა რამ. ვფიქრობ, საქმე კომპლექსურ პრობლემასთან გვაქვს, ეს პრობლემა არ შემოიფარგლება რაღაც ერთი საკითხით, რომელიც გადაწყდება და ყველაფერი დასრულდება. შესაბამისად, სახელმწიფოს მიდგომაც კომპლექსური უნდა იყოს.
 
ეს ეხება იგივე სამოქალაქო განათლებას. იმ შემთხვევაში, როდესაც ადამიანს აქვს განცდა, რომ სხვა ადამიანის რელიგიური რიტუალი რაღაცნაირად მას ან მის რელიგიას ზიანს მიაყენებს, მას უნდა ავუხსნათ, რომ ეს ასე არ არის. ეს ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტია, რა მიმართულებითაც როგორც სახელმწიფომ, ასევე, იმ ადამიანებმა და ორგანიზაციებმა უნდა იმუშაონ, რომლებიც ამ საკითხებით არიან დაინტერესებულნი.
 
რა პრობლემები აქვთ ეთნიკურ უმცირესობებს საქართველოში და რამდენად დაეხმარება მათ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება ამ პრობლემების აღმოფხვარაში?
 
ერთი მხრივ, არის ენის ბარიერი. ენის სწავლება ძალიან მნიშვნელოვანია. ცხადია, მარტო ენის სწავლება უმცირესობების პრობლემებს არ მოხსნის, მაგრამ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. უნდა იყოს ნებაც, მზაობაც, რომ სახელმწიფომ ამ ადამიანების მდგომარეობა გააუმჯობესოს, ერთი მხრივ, და, მეორე  მხრივ, ამ ადამიანებს უნდა ჰქონდეთ სურვილი, რომ სახელმწიფო ენა შეისწავლონ. სახელმწიფო ენა მოქალაქემ უნდა იცოდეს, მით უმეტეს, თუ სახელმწიფო სტრუქტურაში მუშაობის პრეტენზია აქვს.
 
ამასთან ერთად, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს მოქალაქეების ნება, რომ თავისი მშობლიური ენა შეისწავლონ სურვილის შემთხვევაში.
 
უმცირესობების ინტეგრაცია ევროკავშირის ერთ-ერთი მოთხოვნაც არის. ცხადია, რაღაც პროგრამებით დაგვეხმარებიან ევროპელი პარტნიორები. ჩვენ ვმუშაობთ ამ თემებზე, ვიზიარებთ გამოცდილებას. ინტეგრაციის პროცესი არა მარტო იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ამას ვიღაც გვთხოვს, არამედ იმიტომ, რომ ამ ხალხის გამოცდილება, ენერგია, ნიჭი სახელმწიფომ გამოიყენოს თავისი განვითარების მიზნით.

საქართველო თავისი მოქმედი ყოფითი კულტურით რამდენად ევროპულია?
 
ევროკავშირში ყველა ერთნაირი არ არის, ქვეყნები და მათი მოსახლეობა საკმაოდ განსხვავდება ერთმანეთისგან. ასევე ჩვენ, გასაგებია, რომ ჩვენ ევროპული ცივილიზაციის ნაწილი ვართ, მაგრამ ჩვენი თავისებურებები გვაქვს.
 
რას ფიქრობთ მსუბუქი ნარკოტიკის დეკრიმინალიზაციაზე?
 
ზოგადად, მგონია, რომ მარიხუანა არ არის სასურველი. როგორც წესი, ახალგაზრდები ეწევიან, რაც არის მავნე. სახელმწიფომ, როგორც მინიმუმ, ამას ხელი არ უნდა შეუწყოს. ამიტომ ამის გამო დაჯარიმება უპრიანი მგონია, თუმცა მიჭირს საუბარი იმაზე, რა რაოდენობის უნდა იყოს ჯარიმა. სახელმწიფო რაღაც ბერკეტებით უნდა ებრძოლოს ამას, რადგან მარიხუანას მოწევა ცუდია, სპორტით დაკავება სჯობს.
 
პარლამენტმა ანდიტისკრიმინაციული კანონი მიიღო, რომელსაც მართლმადიდებელი ეკლესია აქტიურ წინააღმდეგობას უწევს, ხოლო არასამთავრობო ორგანიზაციების და რელიგიური კონფესიების ნაწილი კანონის უფრო ქმედითი ვარიანტის მიღებას მოითხოვდნენ, ისინი საუბრობენ იგივე აღსრულების ნაწილზე დისკრიმინაციის გამოვლენის დროს.  
 
ნებისმიერ ფობიასა თუ დისკრიმინაციას რაიმე კანონის მიღება ვერ გადაწყვეტს. ეს კომპლექსური პრობლემაა და პრობლემური მიდგომა სჭირდება. ისევ განათლებამდე მივდივართ. საქართველოს ტოლერანტობის დიდი გამოცდილება აქვს, თუმცა ახალი სტანდარტების დანერგვა არის საჭირო და მეტი განათლება. ის, რომ სხვა ეროვნების ადამიანს არსებობის ისეთივე პირობები ექნება, როგორც შენ, ამაში საშიში არაფერია. ეს უნდა ავუხსნათ ხალხს.

საქართველოში არმენოფობიის პრობლემა საკმაოდ ძლიერია. ასევე, ისმის ბრალდებები, თითქოს სამცხე-ჯავახეთში მცხოვრებ სომხებს საქართველოდან გამოყოფა უნდათ. თქვენი აზრით, საიდან ჩნდება ხალხში ასეთი განწყობები?
 
ისტორიამ ბევრი მაგალითი იცის, როდესაც სომხებს და ქართველებს ერთმანეთი გადაურჩენიათ. დღეს რომ ვარსებობთ, ეს ერთმანეთის დამსახურებაა. რაც შეეხება ჯავახეთის პრობლემას, სამწუხაროდ, არსებობს მასობრივი ინფორმაციის წყაროები, რომლებსაც ჰგონიათ, რომ რეიტინგული იქნება, თუ  ამ თემას განავითარებენ. შეიძლება თვეები ისე გავიდეს, რომ სამცხე-ჯავახეთის პოზიტიური მოვლენები არ გაშუქდეს, მხოლოდ იმ კონტექსტში საუბრობენ, რომ იქ პრობლემაა. ამიტომ, საქართველოს სხვა რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობა როცა უყურებს მხოლოდ გაშუქებულ ნეგატიურ მოვლენებს, არასწორი ასოციაციები უჩნდებათ.
 
ხალხი იქ ისეთივე პრობლემების წინაშეა, როგორც დანარჩენ საქართველოში, მათ შორის სპეციფიკური პრობლემებიც არის, ენის ბარიერი, ჩართულობის დეფიციტი და ა.შ. ჩვეულებრივად ცხოვრობენ, ჩვეულებრივი ხალხია, უყვართ საქართველო, უყვართ ეს მიწა და უნდათ, რომ ეს ქვეყანა განვითარებული და წარმატებული იყოს, რადგან ეს მათ წარმატებასთან პირდაპირ კავშირშია. არც აქედან მიდის ინფორმაცია, იგივე ენის პრობლემის გამო, თუნდაც. სეპარატიზმი, გამოყოფა, გამოგონილი თემაა. მე არ მინდა კონკრეტულ სიუჟეტებზე გავაკეთო აქცენტი, მაგრამ ახლო წარსულშიც იყო ასეთი შემთხვევა.
 
თუ არის ევროპაში ქვეყანა, სადაც იცხოვრებდით?
 
ახლა ქუთაისში ვარ და თბილისი მენატრება, თბილისთან ძალიან მიბმული ვარ, ძალიან ჩემია. ვერ გეტყვით, რომელ ქვეყანაში ვიცხოვრებდი, თუმცა ვერ გეტყვით, რომ ევროპაში რომელიმე ქვეყანა არ მომწონს.
 
რამდენად მოსალოდნელია რუსეთის სახელმწიფოს გააქტიურება ასოცირების შეთანხმების ხელმოწერამდე? ჩვენ ვხედავთ, როგორ ვითარდება მოვლენები უკრაინაში.
 
საფრთხე ალბათ ასე თუ ისე ყოველთვის არის, მაგრამ ფრთხილად უნდა ვიყოთ და ჩვენი ქმედებები გააზრებული უნდა გვქონდეს. ჩვენი შეცდომებით საქართველოს მტრებმა არ უნდა ისარგებლონ.
 
სომხეთის სახელმწიფომ საბაჟო კავშირში შესვლა გადაწყვიტა. რატომ არ უნდა გააკეთოს იგივე საქართველომ, იმ საფრთხეების გათვალისწინებით, რომლებიც თქვენ ახსენეთ.
 
სომხეთს თავისი არჩევანი აქვს, თავისი საგარეო ვექტორი, საქართველოს თავისი. ჩვენ ასეთი კურსი გვაქვს, ევროკავშირი საქართველოს მოსახლეობის არჩევანია.
 
როდესაც შემოვა ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ტექსტი პარლამენტში რატიფიცირებისთვის, მხარს თუ დაუჭერთ?

რა თქმა უნდა.

საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმება უკვე პარაფირებულია და 27 ივნისს მხარეები ხელს მოაწერენ, რის შემდეგაც საჭიროა საქართველოს პარლამენტში ამ დოკუმენტის რატიფიცირება. “ნეტგაზეთმა” გადაწყვიტა შემოგთავაზოთ ინტერვიუების სერია საქართველოს პარლამენტის წევრებთან ევროპისა და ევროკავშირის შესახებ და მათი პერსონალური გამოცდილება და მოსაზრებები გაგიზიაროთ.

წყარო 

ტეგები: ეთნიკური უმცირესობები ინტეგრაცია

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker