Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

ზაურ ხალილოვი: ჩვენ ვცხოვრობთ მითებში

კატეგორია: ეროვნული უმცირესობები 
2014-10-15

ახერხებენ  თუ არა ეთნიკური უმცირესობები საზოგადოებაში ინტეგრაციას, უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გაგრძელებას, დასაქმებას, ზრუნავს თუ არა სახელმწიფო ამ ადამიანების სრულფასოვან და თანასწორ გარემოში ცხოვრებაზე? - ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში არსებულ პრობლემებზე  „ლიბერალი“ სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდის აღმასრულებელ დირექტორს, ზაურ ხალილოვს, ესაუბრა.


მიუხედავად მრავალწლიანი თანაცხოვრებისა, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონებში ადამიანები თითქოს ჯერ კიდევ  ვერ გრძნობენ თავს ამ ქვეყნის ნაწილად. ისინი არ ჩანან პოლიტიკაში, საზოგადოებრივ ცხოვრებაში, არ ისმის მათი აზრი. იმ რეგიონებშიც კი, სადაც ისინი უმრავლესობას შეადგენენ,  ნაკლებად არიან გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე. ხშირად საუბრობენ,  ტოლერანტობის კულტურის არარსებობაზე როგორც ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის უმთავრეს ხელისშემშლელ ფაქტორზე. როგორ ფიქრობთ, რა უშლის ხელს ეთნიკური უმცირესობების სოციალურ თუ სამოქალაქო ჩართულობას?

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ბევრ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში ნაციონალიზაცია  წინა პლანზე  იყო წამოწეული. ამან გამოიწვია დაპირისპირება განსაკუთრებით იმ რესპუბლიკებში, რომლებიც  მრავალეთნიკური იყო.  ამ კონფლიქტებმა სხვადასხვა სახე მიიღო - ზოგიერთ ქვეყანაში გაძლიერდა, ზოგიერთმა ქვეყანამ კი  წერტილი დაუსვა, რადგან მიხვდა რომ ის დამღუპველი იყო. სამწუხაროდ, საქართველოში ეს პრობლემა დღესაც  აქტუალურია.

ორი წლის წინ ვთქვი, რომ ეთნონაციონალიზმიდან ჩვენ რელიგიურ ფაშიზმზე გადავედით.  ამ ფრაზის ხსენების შემდეგ  ყველამ დამტუქსა. თუმცა, მერე ჩვენ ვნახეთ  17 მაისი, მეჩეთების პრობლემა, ჭელას  შემთხვევა. არატოლერანტული დამოკიდებულება, ე.წ. ტრადიციულ კონფესიების მხრიდან, ეს უკვე პრობლემაა. ვინ განსაზღვრა ე.წ. ტრადიციული კონფესიები, ეს კიდევ  ცალკე საკითხია.  

ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებით საზოგადოებაში არსებობს მითები, მათ შორის, ქალების მკვლელობებთან დაკავშირებით, რომელიც აზერბაიჯანულ თემში ხდება. ამ დროს ხშირად აპელირებას ახდენენ ტრადიციაზე და რელიგიაზე, მაგრამ ეს ტყუილია. პირდაპირ წერია, რომ ყველაზე დიდი ცოდვაა, როცა გოგონას მისი ნების გარეშე ათხოვებ. ასევე, წერია, რომ გოგოს უფრო მეტი განათლება უნდა მისცე, რადგან ქალი შვილს ზრდის. ქმარს რომ გაშორდეს, განათლება და პროფესია უნდა ჰქონდეს თავის სარჩენად და ა.შ. 

დღეს, 21 -ე საუკუნეში, როდესაც ინფორმაციის მიღება პრობლემას არ წარმოადგენს, ჩვენ  გაუნათლებლობასთან გვაქვს  საქმე. მთავარი ფაქტორი სწორედ ეს არის. ადამიანებს თავიანთი წარმოდგენები აქვთ რელიგიასთან, ტოლერანტობასთან და სხვადასხვა საკითხებთან მიმართებაში, რაც სიმართლესთან ახლოს არ არის. ეს არის მითები, რომლებიც ტრადიციულად სადღეგრძელოების დონეზე არსებობს. რეალობა  კი განსხვავებულია -  ფარისევლურად ვცხოვრობთ. ეს  ყველაზე დიდი საშინელებაა.

ჩვენ ვიყავით ქვემო ქართლის რეგიონში, მარნეულში და გარდაბანში.  აღმოჩნდა, რომ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები სახელმწიფო ენის სწავლას ცდილობენ, მაგრამ რეგიონში ენობრივი ბარიერი ჯერ კიდევ პრობლემაა. ახალგაზრდები უფრო მეტად სწავლის გასაგრძელებლად ბაქოში მიდიან და მათი მცირე ნაწილი აგრძელებს სწავლას საქართველოში. გამოდის, რომ სახელმწიფო  ამ ადამიანებს კარგავს..

წლების განმავლობაში არავინ ზრუნავდა იმაზე, რომ საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობებისთვის სახელმწიფო ენა ესწავლებინა, თუ ასწავლიდნენ, არასერიოზული დამოკიდებულება იყო. 2006 წელს  განათლების სამინისტრომ გვთხოვა, სამოქალაქო სექტორი დაკვირვებოდა რა მდგომარეობა იყო ქართული ენის მასწავლებლების კვალიფიკაციასთან დაკავშირებით არაქართულენოვან სკოლებში. ჩატარდა ზოგადი ტესტირება. შედეგი კატასტროფული იყო. უშუალოდ ჯგუფში რომელსაც მე ვესწრებოდი,  ქართულის მასწავლებლებმა  პირადობის მოწმობიდან საკუთარი სახელი და გვარიც კი ვერ გადმოიწერეს. ეს ადამიანები წლების განმავლობაში სოფლის სკოლაში ქართული ენის მასწავლებლად იყვნენ გაფორმებულები. 

არაქართულენოვანი სკოლის აბიტურიენტები პოტენციური მიგრანტები იყვნენ.  აზერბაიჯანულენოვანი, რუსულენოვანი და სომხურენოვანი სკოლების კურსდამთავრებულები უმაღლესი განათლების მისაღებად ქვეყნის გარეთ გადიოდნენ. მარტო აზერბაიჯანი რომ ავიღოთ, დღეს მათი 18 დეპუტატი საქართველოდანაა წასული. გენერალური პროკურორი, უშიშროების მინისტრის მოადგილე, მაღალჩინოსნები, ბიზნესმენები,  მეცნიერები და ა.შ.  ანუ საქართველო ინტელექტუალურ პოტენციალს  და, ზოგადად, ადამიანურ რესურსს კარგავს.

 

ახსენეთ, რომ განათლება არის უმთავრესი პრობლემა. თუნდაც ენის სწავლების გასაძლიერებლად განათლების სამინისტროს რამდენიმე  პროგრამა აქვს. სახელმწიფო ამ მიმართულებით ფინანსურ რესურს ხარჯავს.  თუმცა, რამდენად არის შედეგი თვალსაჩინო და რეალურად ეხმარება თუ არა ეს საგანმანათლებლო პროგრამები ეთნიკურად არაქართველ მოსახლეობას?

 

ბოლო ხუთი წლის განმავლობაში,  საგანმანათლებლო პროცესში ძვრები შეინიშნება, თუნდაც „1+4“ სისტემა, ქართულის სწავლების გაძლიერება  და ა.შ. დღეს მარნეულის ქართულენოვან სკოლაში ბავშვების უმრავლესობა ეთნიკურად აზერბაიჯანელია. რისთვისაც სკოლა მზად არ იყო, ამან გამოიწვია ის, რომ განთლების ხარისხი დაეცა. მაგალითად, როდესაც კლასში უმეტესობა ქართველი ბავშვია და მათ გვერდით სწავლობს ეთნიკურად აზერბაიჯანელი, რომელსაც საერთოდ არ აქვს  ქართული ენის საწყისი ენობრივი ბაზა, მასწავლებელი ჰყოფს ბავშვებს ჯგუფებად და ცალ-ცალკე მუშაობს მათთან.

 

როდესაც  სამინისტრომ ბილინგვური განათლების პროექტი  დაიწყო, ყველა სკოლაში არა, მაგრამ ბევრ სკოლაში ძალიან კარგი შედეგი იყო. ეს უშუალოდ იყო დამოკიდებული სკოლის დირექტორზე, სწორ მენეჯმენტზე, მასწავლებლების რესურსზე და ა.შ.  თუმცა მუდმივმა რეფორმებმა სერიოზული აჟიოტაჟი გამოიწვია მასწავლებლებშიც, სკოლის დირექტორებშიც, მოსწავლეებშიც და მშობლებშიც,  რადგან არამდგრადი ვითარება ყოველთვის გაურკვევლობას იწვევს.

 

სტატისტიკას თუ შევხედავთ, საატესტაციო გამოცდებმა აჩვენა, რომ მოსწავლეები ქართულ ენაში მინიმალურ ბარიერს უპრობლემოდ ლახავენ,  მაგრამ იჭრებიან ბიოლოგიაში, ქიმიაში და ა.შ. ანუ, სადაც კი მასწავლებლის პრობლემა არსებობს იმ საგანს ვერ აბარებენ. არც იმის საშუალება არსებობს ამ რეგიონებში, რომ დამატებით სხვა მასწავლებელი აიყვანონ  და მოემზადონ, განსაკუთრებით სოფლებში. ამიტომ ცდილობენ გადმობარგდნენ თბილისში ან დიდ ქალაქებში, რომ მათმა შვილებმა ნორმალური განათლება მიიღონ.

 

აქ ძირითადად ასაკოვანი მასწავლებლები ასწავლიან, განსაკუთრებით არაქართულენოვან სკოლებში. ზოგადად, მასწავლებლების კვალიფიკაცია პრობლემაა, მაგრამ ამ სკოლებში ეს კიდევ უფრო სერიოზული პრობლემაა იქიდან გამომდინარე, რომ საქმის წარმოება ქართულად ხდება. კვალიფიკაციის ასამაღლებელი უამრავი ტრენინგი ტარდება, მაგრამ ენობრივი ბარიერის გამო პედაგოგები ამ ინფორმაციას არაეფექტურად იღებენ, რაც გავლენას ახდენს განათლების ხარისხზე.

 

აბიტურიენტების რაოდენობა გაიზარდა და ამას „ერთს პლიუს ოთხის“ სისტემამ სერიოზულად შეუწყო ხელი. არის კიდევ რამდენიმე ხელისშემწყობი ფაქტორი, თუნდაც სწავლის ფულს აზერბაიჯანელებისთვის „სოკარის“ მიერ შექმნილი ფონდი იხდის და ა.შ. 

 

უნივერსიტეტებიც არ იყვნენ მზად ეთნიკური უმცირესობების მისაღებად. ჩვენ დავიწყეთ იმ  უნივერსიტეტებში სიარული, სადაც მასიურად ეთნიკური უმცირესობები სწავლობდნენ. ვთხოვეთ, ადმინისტრაციას და თვითმართველობებს, რომ უფრო აქტიურად  დაიწყოთ ამ ბავშვებთან მუშაობა და ნელ-ნელა  საუნივერსიტეტო ცხოვრებაში ჩართოთ ისინი. რადგან დადიან გარიყულები, ბინას ერთად ქირაობენ, ერთად ცხოვრობენ, საღამოს ერთად ატარებენ, ასე ვერც ინტეგრაცია მოხდება და ვერც ენას ისწავლიან. თუ ჩვენ გვინდა ინტეგრაცია ნუ შევქმნით ამ ანკლავებს.

 

დღეს დაახლოებით 2 500 ეთნიკურად აზერბაიჯანელი ახალგაზრდა მარტო ქვემო ქართლიდან ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში სწავლობს. ბოლო სამი წელია  ყველა კვოტას ითვისებენ. სამ-ოთხ წელიწადში, როცა ეს ბავშვები უნივერსიტეტებს დაამთავრებენ, რას ვთავაზობთ?  სამ რეგიონში, სადაც ეთნიკურად არაქართველი მოსახლეობა ცხოვრობს წლებია არაფერი იცვლება, იგივე სახელები და გვარები არიან ყველა ხელისუფლების დროს, სხვადასხვა სფეროში. ერთ-ერთი სკოლის დირექტორი მიხსნიდა, რომ ღმერთისგან მომადლებული ნიჭია სკოლის დირექტორობა და თუ ის არ იქნებოდა დირექტორი, ის სკოლა დაიქცეოდა. 



მოსამზადებელ ენის შემსწავლელ ერთწლიან კურსში ეთნიკურად არაქართველი სტუდენტი ელემენტარულ საკომუნიკაციო ენის სწავლასაც ვერ ასწრებს. მერე აბარებს სამედიცინოზე ან იურიდიულზე, რა თქმა უნდა გაუჭირდება, მეორეც ვერ იქნება კონკურენტუნარიანი.  ამიტომ ალაპარაკდნენ კვოტებზე, რომ, როცა უნივერსიტეტებს დაამთავრებენ, ეთნიკური უმცირესობები სახელმწიფომ წაახალისოს და სახელმწიფო სტრუქტურაში დაასაქმოს.  მაგალითად, სახელმწიფო პოლიტიკა ასეთია, თუ მე და შენ იურისტები ვართ, გამოცხადებულ ვაკანსიაზე დამსაქმებელი ვალდებულია მე ამიყვანოს, რადგან ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ვარ. ორივემ ვიცით, რომ ჩემზე კარგი სპეციალისტი ხარ,  მაგრამ მან მე უნდა ამიყვანოს, რადგან უნდა წამახალისოს. იქიდან გამოსულს პირველი რა შეგრძნება გექნება? რა თქმა უნდა უსამართლობის განცდა. ეს ვერ შეუწყობს ხელს ინტეგრაციას, რადგან ამ უსამართლობის შესახებ შენ ყველგან იტყვი, სადაც კი ამის შესაძლებლობა მოგეცემა.



სახელმწიფოს ჰქონდა ხუთწლიანი გეგმა და  შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფციაც დაამტკიცა, მაგრამ ამ გეგმის შეფასებამ აჩვენა, რომ სახელმწიფოს მიერ დაგეგმილი მთელი რიგი ღონისძიებები მწირია, საგანმანათლებლო პროგრამები კი არაეფექტური. როგორ ფიქრობთ, სახელმწიფოს მიერ დაგეგმილი და განხორცილებული ღონისძიებები იყო თუ არა რეალურად ამ ადამიანების საჭიროებებზე მორგებული?


ზოგადად, სახელმწიფოს პოლიტიკა არასწორია და არამდგრადი რეფორმები მიმდინარეობს. მეოთხე ხელისუფლებაა, რომელიც მეუბნება მოდი ვილაპარაკოთ, რა არის გასაკეთებელი ამ რეგოონებშიო. მაგალითად, თუ დაიწერა განათლების ხუთწლიანი სტრატეგია რატომ ცვლი, გადახედე, გააკეთე მონიტორინგი. ხომ უნდა იცოდე რა ხდება შენს სფეროში სწორად მიდიხარ, არ მიდიხარ. აქედან გამომდინარე მერე კორექტირებები შეიტანე. რეფორმის არსი ამაში მდგომარეობს. თუ ხედავ, რომ არასწორი მიმართულებით მიდიხარ, გაჩერდი და სხვანაირად გააკეთე ან პრიორიტეტები შეცვალე ან მეთოდოლოგია. არ შეიძლება რადიკალურად განსხვავებული მიდგომები იყოს.

სახელმწიფო ძალიან ბევრ ფულს ხარჯავს, მაგრამ როცა პრიორიტეტებს სწორად განსაზღვრავ, მერე იწყება მეთოდოლოგიის შექმნა, საჭიროა ადამიანური რესურსი. თუ მუდმივად ამბობ, რომ ეს პრიორიტეტია მაგრამ ზღვარს იქით ვეღარ გადადიხარ და ვერ ვითარდები, რა აზრი აქვს.

ნებისმიერი ჩვენი სტატუსის მსგავსი ქვეყანა, რომელიც განვითარდა, ორ პრიორიტეტში ხარჯავს ფულს  - განთლება და ეკონომიკა. პირველ რიგში განათლება, რადგან  თუ კარგი განათლების გარეშე შეუძლებელია გქონდეს ძლიერი ეკონომიკა.  განათლებული მოქალაქე კი  ხელს გიწყობს პოლიციის რეფორმაშიც, ჯანდაცვის რეფორმაშიც, მერე სამართლიანი არჩევნებიც ტარდება და პოლიტიკური ვითარებაც კარგია. გაუნათლებელი ადამიანი მარტივი სამართავია. ალბათ ამიტომაც აქვს ერთ-ერთ ინსტიტუციას 96%-იანი რეიტინგი.

თავიდან კონცეფცია დაიწერა,  მერე სამოქმედო გეგმა მომზადდა, რომლის მონიტორინგსაც სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის საბჭო ახორციელებდა. მეც ვიყავი ჩართული. როგორი იყო სამოქმედო გეგმა და კონცეფცია ამაზე შეგვიძლია ვიკამათოთ, მაგრამ  ფაქტია, რომ ეს იყო პირველი რეალური დოკუმენტი, რომელზე მუშაობაც შეიძლებოდა.  ავად თუ კარგად გაკეთდა შემდეგ  კი ამ ყველაფრის მონიტორინგი მიმდინარეობდა. საზოგადოებრივი მაუწყებელი მეტ-ნაკლებად ითვალისწინებდა ჩვენს რეკომენდაციებს. სამინისტროები, მიუხედავად იმისა, ვინ იყო მისი მინისტრი რაღაც პერიოდი ითვალისწინებდნენ, მაგრამ, მაგალითად, შაშკინის მინისტრობის დროს ორი წელი განთლების სამინისტრო ყველაზე დახურულ სისტემად გამოცხადდა, პროკურატურა და შსს უფრო ღია იყო, ვიდრე განათლება. სკოლაში ვერ შევდიოდით, არათუ მასწავლებელთან დირექტორთანაც ვერ ვახერხებდით ლაპარაკს.

ეს დოკუმენტი ეთნიკური უმცირესობების საჭიროებებზე მეტ-ნაკლებად მორგებული იყო, მაგრამ ბევრმა სტრუქტურამ ან არასერიოზულად შეხედა ან კიდევ გააჩნია ვინ იყო მინისტრი, ზოგი ითვალისწინებდა ამ ყველაფერს, ზოგი არა, ზოგი ნაწილობრივ, მაგრამ ეს იყო სუბიექტურიც და ობიექტურიც, შეიძლება პიროვნულად მინისტრს არ აინტერესებდა ეს საკითხი, ან არ ეცალა ამისთვის, ამბობდა მაცადეთ რა დროს ეგაა, მე ახალი მოსული ვარ და საქმის კურსში არ ვარ, რა ხდება და  ა.შ.

კონცეფციის და სამოქმედო გეგმის შემუშავებაში ყველა იყო ჩართული. შეხვედრებიც იყო რეგიონებში.  მაგრამ ზოგადად ამ თემის მიმართ დამოკიდებულება არ არის სერიოზული.

 

ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებით  სახელმწიფო ახალ სამოქმედო გეგმას ამზადებს. როგორ ფიქრობთ რაზე უნდა გაამახვილოს მან ყურადღება და რა ნაბიჯებია გადასადგმელი?

 

დღეს რელიგიებთან დაკავშირებით რაც ხდება, არ არის ნორმალური. ასლარიანი ჯარიმით პრევენცია არასდროს არ იქნება ეფექტური. ასეთ დროს მსოფლიოშიც ორი გზა არსებობს, ან არსებობს კანონით რეგულაცია, ან კიდევ ეს ცუდ ტონად უნდა ითვლებოდეს. განვითარებულ ქვეყნებში არატოლერანტულ გამონათქვამზე  საზოგადოების რეაქცია აბსოლუტურად ადეკვატურია, არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება ამ გამონათქვამის ავტორი ჟურნალისტი თუ პოლიტიკოსი. ეს არის სამოქალაქო კულტურა. მაგალითად, ქობულეთში  ღორის თავი მიაჭედეს მედრესეს კარს, საზოგადოების რეაქცია ვერ დავინახეთ. ჩვენთან ქვეყანაში სამოქალაქო სექტორმაც კი ეს გამოცდა ვერ ჩააბარა. სად არის სამოქალაქო პოზიცია? ძალიან გვიყვარს იმაზე ლაპარაკი, რომ სად იყვნენ ეს ორასწლიანი ადამიანები, როცა დავით აღმაშენებელი მეჩეთში ადიოდა, კი ასე იყო მაგრამ ახლა? ამერიკაში 80-იან წლებამდე ავტობუსებში ფერადკანიანები და თეთრკანიანები ცალ-ცალკე ისხდნენ, მაგრამ დღეს  ფერადკანიანი პრეზდენტი ჰყავთ.  ეს პროგრესია. ჩვენთან პირიქით მოხდა. რომელ ტოლერანტობაზე ვსაუბრობთ?

როცა ამბობენ, რომ  გოგონების მიმართ ძალადობაა და არასრულწლოვანებს დაოჯახებას აიძულებენ, ამ ქსელში მარტო ოჯახი არ არის ჩართული. ადგილობრივი თვითმართველობა  მალავს, როცა მოიტაცეს ვიღაცის შვილი. როცა ათხოვებენ ბაშვებს და  სკოლაში არ დადიან, ეს მასწავლებლებმა ხომ იციან, დირექტორმა ხომ იცის. სანამ ადამიანს არ ჩამოკიდებენ, სანამ ვინმე თავს არ მოიკლავს  და რამე არ დაემართება მანამდე მედიასაც არ აინტერესებს. იგივე ხდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებთან მიმართებაშიც. მშობელს უნდა, რომ ბავშვმა განთლება მიიღოს, მაგრამ იქ ადაპტირებული გარემო არ არის, პანდუსი უნდა გაკეთდეს, მასწავლებლების გადამზადებაა საჭირო. სკოლაში მას ეუბნებიან, მოდი დავარეგისტრირებ, ვითომ დადის სკოლაში,  ატესტატს მივცემ,  მაგრამ შენ სახლში გყავდეს. ეს არ არის ფაშიზმი? რა მნიშვნელობა აქვს ადამიანს რა ნიშნით ჩაგრავ ეთნიკური, ინტელექტუალური თუ ფიზიკური ნიშნით. 

მარნეულში ერთ-ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ჩაატარა კვლევა და აღმოჩნდა, რომ მარტო მარნეულში 236 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვია, 70 ბავშვის სტატუსი კი გასარკვევია, ანუ რეგისტრაციაშიც კი არ არიან, არც მუნიციპალიტეტს და არც ჯანდაცვის სამინისტროს ეს ინფორმაცია არ აქვს.

სად არის მედია, გინდაც ტოლერანტობაზე როცაა საუბარი ან ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე?  მარტო უარყოფითი და ნეგატიური გაშუქებაა, სადაც ან ეთნიკურ ან რელიგიურ დაპირისპირებაზეა საუბარი.  იმის ნაცვლად, რომ მედიამ პოზიტიური როლი ითამაშოს, პირიქით, ხშირ შემთხვევაში ის ძალიან ნეგატიურ როლს თამაშობს და ეს არ არის დღეს დაწყებული პრობლემა.

რა უნდა გააკეთონ ეთნიკურმა უმცირესობებმა ქართველებისთვის იმის დასამტკიცებლად, რომ საქართველო მათთვის ისეთივე სამშობლოა, როგორც ქართველებისთვის.


წყარო 

ტეგები: ეთნიკური უმცირესობები საზოგადოება ინტეგრაცია დასაქმება სახელმწიფო სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი ზაურ

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker