Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

სექსმუშაკები - უხილავი პროფესია და პრობლემები

გიორგი ჭეიშვილი
კატეგორია: ტრეფიკინგი 
2014-10-16

ოპერაციის ჩატარების დრო - საღამოს საათები. სცენარი თითქმის ყველა შემთხვევაში იდენტური - პროსტიტუციისათვის გადაცემული/დათმობილი ადგილის საერთო ხედი, სამართალდამცავებისა და სახის დასაფარად ხელ/ჩანთა/კაპიუშონ აფარებული სექსმუშაკების კადრები, პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით დაკავებული პირის კადრი, საპატრულო პოლიციის მანქანაში მათი ჩასმა, ამა თუ იმ განყოფილებაში გადაყვანა და გამომძიებლის კომენტარი მომხდართან დაკავშირებით - "... გამოძიება პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე მიმდინარეობს". ფარდა.

 


საქართველოში პროსტიტუცია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1723 მუხლით ისჯება, რაც გულისხმობს, რომ პროსტიტუციის ბრალდებით დაკავების შემთხვევაში ხდება გაფრთხილება ან დაჯარიმება 20 ლარის ოდენობით. ადმინისტრაციული პასუხისმგებლობიდან თავისუფლდება ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის, მათ შორის არასრულწლოვნი) მსხვერპლი, თუკი პირი პროსტიტუციაში ტრეფიკინგის მსხვერპლის სტატუსის მოპოვებამდე იყო ჩართული.



შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ინფორმაციით, 2012 წლიდან დღემდე ქვეყნის დედაქალაქსა და რეგიონებში პროსტიტუციის ფაქტზე დაკავებულ სექსმუშაკთა საერთო რაოდენობა 26-ია: 2012 წელს - 3 ადამიანი, 2013 წელს - 21 (მათ შორის 1 უცხოელი) და ასევე 3 ადამიანი 2014 წელს (იანვარი-აგვისტო) – „26 სამართალდამრღვევ პირს (თითოეულს) დაეკისრა ადმინისტრაციული სახდელი 20 ლარის ოდენობით, ხოლო 1 პირს მიეცა გაფრთხილება“.

 

გაცილებით მძიმეა სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელი პროსტიტუციისთვის ადგილის, ან საცხოვრებლის გადაცემის ბრალდებით დევნილ პირთათვის:

 

აღნიშნული ქმედება ითვალისწინებს დაჯარიმებას ან თავისუფლების აღკვეთას ვადით 2-დან 4 წლამდე; ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისთვის იურიდიული პირი ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ჯარიმით და ლიკვიდაციით ისჯება. 

 

პროსტიტუციისთვის ადგილის, ან საცხოვრებლის გადაცემის ბრალდებით 2012 წელს საქართველოში 14 პირი დააკავეს, 2013 წელს ეს მაჩვენებელი თითქმის 7-ჯერ გაიზარდა - 102 შემთხვევიდან 54 აჭარის რეგიონში დაფიქსირდა, 2014 წელს (იანვარი-აგვისტო) კი სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელი 49 პირს დაეკისრა, მათგან 25 შემთხვევა აჭარის რეგიონში მოხდა.

 

პროსტიტუციის კანონით რეგულირებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ხარვეზებზე საუბრობს ძალადობის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარის“ ხელმძღვანელი. ბაია პატარაიას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პროსტიტუციასთან დაკავშირებული დანაშაული სისხლის სამართლის არსებული კანონმდებლობის სამი მუხლით რეგულირდება, ყურადღება არ ექცევა იმ ფაქტს, რომ ადამიანი შესაძლოა უკვე ჩართული იყოს პროსტიტუციაში და ამ საქმიანობისთვის თავის დანებების საშუალება არ ჰქონდეს.

 

პატარაია ასევე აღნიშნავს, რომ მოქმედი კანონმდებლობით დასჯადია პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემა, მაშინ, როდესაც პროსტიტუციის ორგანიზება დანაშაულად არ მიიჩნევა:

 

„საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით დაუსჯელია პროსტიტუციის ორგანიზატორი, ე.წ. „მამაშა“, თუკი მას საცხოვრებლის გადაცემა არ დაუდგინეს. როგორც წესი, როცა სამართალდამცავ სტრუქტურას პრობლემა აქვს ორგანიზებულ დანაშაულთან და მიიჩნევს, რომ ამას, ერთი ადამიანი აწყობს, იგი იძულებულია, მას ან 254-ე მუხლით მიუდგეს ან პროსტიტუციაში ადამიანთა იძულებით ჩაბმა დაუმტკიცოს. სხვა შემთხვევაში მისი პასუხისგებაში მიცემის საშუალება არა აქვს". 

 

პროსტიტუციის კანონით რეგულირებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ხარვეზების აღმოსაფხვრელად კავშირმა „საფარი" სისხლის სამართლის კოდექსის საკანონმდებლო ცვლილებათა პროექტიც მოამზადა. ახალი მიდგომა, ოთხ პუნქტს მოიცავს: არასრულწლოვნის პროსტიტუციის მოხმარება, პროსტიტუციის ხელშეწყობა სარგებლის მისაღებად, პროსტიტუციის ორგანიზება და პროსტიტუციის იძულება. ორგანიზაციის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ პროსტიტუციასთან დაკავშირებული პრობლემების შესასწავლად და სექსმუშაკების უფლებების დასაცავად აუცილებელია მათი, როგორც მარგინალიზებული ჯგუფის ინტერესების გათვალისწინება და საჯარო დისკუსიაში ჩართვა, რათა გაცხადდეს მათი პოზიცია, დამოკიდებულება და პროცესი ცალმხრივად არ წარიმართოს.

 

აღსანიშნავია ისიც, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტში არ ხდება ქვეყნის მასშტაბით აღმოჩენილი საროსკიპოების და მსგავსი დაწესებულებების რაოდენობისა და მათ მიმართ გატარებული ღონისძიებების შესახებ არსებული ინფორმაციის აღრიცხვა, ისევე, როგორც არ არსებობს მონაცემები სექსმუშაკების მიმართ გამოვლენილი ძალადობის ფაქტების რაოდენობისა და მოძალადეთა წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებების შესახებ.

 

2012 წლის დეკემბერში, ჟურნალ „ლიბერალში“ გამოქვეყნებულ სტატიაში „პროსტიტუცია კონსტიტუციის მიღმა“, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი, გაგი მოსიაშვილი განმარტავდა, რომ პროსტიტუციის ზედამხედველობას არც ერთი სახელმწიფო სტრუქტურა არ ახორციელებდა, ხოლო ის ფაქტი, რომ სექსმუშაკების მიმართ გამოვლენილი ძალადობის შემთხვევები დაუსჯელი რჩებოდა, გარკვეულწილად იმითაც იყო განპირობებული, რომ ძალადობის მსხვერპლები ამ შემთხვევებს არ ახმაურებდნენ.

 

სექსმუშაკების მიმართ გამოვლენილი ძალადობის ფაქტების არგაცხადების პრაქტიკა დღესაც გრძელდება. სახალხო დამცველის აპარატში აცხადებენ, რომ  გენდერული თანასწორობის დეპარტამენტმა კომერციული სექსმუშაკების რამდენიმე განცხადება შეისწავლა, მათ შორის, სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლის მხრიდან შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტებთან დაკავშირებით. თუმცა საქმის წარმოების ეტაპზე აღნიშნული ფაქტი თავად განმცხადებელმა უარყო:

 

„2014 წელს განცხადებები ძირითადად ტრანსგენდერი სექსმუშაკებისგან შემოდის, რომლებიც მიუთითებენ, ე.წ. რეიდებისას პოლიციის მხრიდან შესაძლო ზეწოლის ფაქტებსა და ჰომოფობიურ დამოკიდებულებაზე. ისინი აღნიშნავენ, რომ პოლიციის მოთხოვნა, დატოვონ შეკრების ადგილი, მათთვის გაუგებარია, რადგან წესრიგს არ არღვევენ. აღნიშნულთან დაკავშირებით, მივმართეთ შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს. 2014 წლის ოქტომბრის თვეში გვეცნობა, რომ დანაშაულის პრევენციის მიზნით, სისტემატურად ხორციელდება პრევენციული ღონისძიებები თბილისის სარისკო უბნებში, მათ შორის ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე, რითაც, ფაქტობრივად, დასტურდება სექსმუშაკების მიერ მოწოდებული ინფორმაცია. ასევე, დამკვიდრებულ პრაქტიკას წარმოადგენს პოლიციის მიერ ადგილის დატოვების მოთხოვნა, რის შემდეგაც ხშირია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ისეთი ზომების გამოყენება, როგორიცაა ჯარიმა ან ადმინისტრაციული პატიმრობა საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ან/და პოლიციის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო“.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს მიაჩნია, რომ უნდა მოწესრიგდეს საკანონმდებლო რეგულაცია. პოლიციის მხრიდან პრევენციული ღონისძიებების თუ სხვა ქმედებების ჩატარებისას ნათელი უნდა იყოს  ჩატარებული ქმედებების მიზნობრიობა და სექსმუშაკებს უნდა მიეწოდოს ინფორმაცია პრევენციული ხასიათის ღონისძიებებზე. ასევე, მაქსიმალურად უნდა აღმოიფხვრას სექსმუშაკების შეურაცხყოფისა თუ მათ მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტები; ტრანსგენდერი სექსმუშაკების შემთხვევაში კი უნდა აღიკვეთოს ჰომოფობიური გამოვლინებები.

"თბილისის სარისკო უბნებში პრევენციული ღონისძიებების სისტემატურად განხორციელების" მიუხედავად, აშკარაა, რომ პროსტიტუციასთან დაკავშირებული სისხლის სამართლის დანაშაულების გამოვლენისა და აღკვეთის პოლიტიკა თანმიმდევრული არ არის. დიდი საგამოძიებო ოპერატიული ღონისძიებების გატარება არ არის საჭირო, ზოგიერთ შემთხვევაში, პოლიციის გამჭვირვალე შენობებიდან რამდენიმე მეტრში მდებარე გაუმჭვირვალე, ხშირად დახურული კაფე-ბარებისა თუ სასტუმროების აღმოსაჩენად, შენობებისა, რომლებშიც შესაძლოა ადამიანთა უფლებები "გაუხმაურებლად" ირღვევა.

სექსმუშაკების მხრიდან მათი უფლებების დარღვევის არგახმაურებასაც შეიძლება მოეძებნოს პასუხი: ბუნებრივია, რომ ძალოვანი უწყებების თანამშრომელები მათთვის არა მხოლოდ სამართალდამცავებთან, არამედ იმ პირებთანაც ასოცირდებიან, რომლებმაც შესაძლოა ჯარიმა დააკისრონ, ან "მუშაობის", უფრო სწორად კი გარკვეული თანხის გამომუშავების საშუალება არ მისცენ. ამასთანავე, ისიც ლოგიკურია, რომ არალეგალური საქმიანობით დაკავებული ადამიანები მათ მიმართ გამოვლენილი ძალადობის ფაქტების მიუხედავად, წინასწარ "წაგებულ პოზიციაში" იყენებდნენ თავს და "ზედმეტი გართულებების" ასაცილებლად ასეთ შემთხვევებს მდუმარედ ეგუებოდნენ - მათი საქმიანობის თანამდევ, ჩვეულებრივ მოვლენებად აღიქვამდნენ.  

 
 

 

წყარო 

ტეგები: სისხლის სამართლის კოდექსი სექსმუშაკები ძალადობა შსს კანონი

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker