Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

„აფხაზეთზე ჩვენ უნდა ვიზრუნოთ“ - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში აფხაზეთის პრობლემატიკაზე მსჯელობენ

ლიკა კასრაძე
კატეგორია: დევნილები 
2015-11-13

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამეცნიერო კონფერენცია სახელწოდებით - „აფხაზეთი - საქართველოს ნაწილი“ ტარდება.

 

კონფერენცია პოსტკონფლიქტური აფხაზეთის სოციალურ-პოლიტიკური, ეკონომიკური, სამართლებრივი, დემოგრაფიული, კულტურულ-საგანმანათლებლო და რელიგიური ვითარების ანალიზს ეძღვნება. კონფერენციის მონაწილეებმა საკუთარი ხედვები წარმოადგინეს აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარებისა და ქართულ-აფხაზური ერთობის აღდგენის მიმართულებით.

 

ღონისძიებაში მონაწილეობენ როგორც სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ისე სხვა სასწავლო-სამეცნიერო ცენტრების მეცნიერ-თანამშრომლები, ცალკეული სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები. მათ შორის, კონფერენციაზე საინტერესო მოხსენებით წარსდგა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა, რომელმაც ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობასა და მიმდინარეობაზე კონფერენციის მონაწილეებს ინფორმაცია გააცნო.

 

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ ჯონი აფაქიძის შეფასებით, კონფერენცია წარმატებით მიმდინარეობს.

 

„ჩვენს უნივერსიტეტში სამეცნიერო კონფერენცია ტარდება, ეს არის შეიძლება ითქვას, ინტერდისციპლინარული სამეცნიერო კონფერენცია. მე, პირადად, როგორც უნივერსიტეტის ხელმძღვანელი და როგორც ერთ-ერთი მომხსენებელი, კმაყოფილი ვარ მისი მუშაობით. კონფერენცია უაღრესად წარმატებულად მიმდინარეობს. თემები ძალიან საინტერესოა. როგორც მოგეხსენებათ,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეგიდით, საქართველოს მასშტაბით სამეცნიერო ფესტივალი ტარდება. ყველა უნივერსიტეტში სხვადასხვა თემატიკაზე სამეცნიერო კონფერენციები იმართება. ჩვენ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი ვართ და ამიტომ, ისტორიულ ასპექტში გადავწყვიტეთ ამ საკითხების განხილვა. „აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილი“ - ასეთია ამ კონფერენციის ტიტული. როდესაც ჩვენ ამ სახელს ვარჩევდით, ვხელმძღვანელობდით იმ დიდი სიყვარულით და პატივისცემით, რაც ჩვენი აფხაზი დებისა და ძმების მიმართ გვაქვს. ჩვენ ამ ტიპის კონფერენციას ვატარეთ იმიტომ, რომ გვინდა მეგობრობა, ძმობა, ტრადიციული ურთიერთობა ჩვენს აფხაზ დებთან და ძმებთან. ჩვენ ყველა უნივერსიტეტის შრომებს თუ სხვა მასალებს, სხვადასხვა წყაროებით აფხაზეთში ვაგზავნით და ეს მასალებიც მიუვათ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ კონფერენციის მასალები როდესაც გამოქვეყნდება, თვალნათლივ გამოჩნდება, თუ როგორი დიდი სიყვარული გავქვს ჩვენი აფხაზი ძმების და დების მიმართ“, - განაცხადა ჯონი აფაქიძემ.

 

განათლების და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა ირინე დარჩიამ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ  სოხუმის უნივერსიტეტი აქტიურად არის ჩართული მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო კვირეულის განხორციელებაში.

 

„ძალიან მოხარულები ვართ, რომ სოხუმის უნივერსიტეტი ასე აქტიურად არის ჩართული ამ კვირეულის განხორციელებაში. სოხუმის უნივერსიტეტი ძალიან ღირსეულად იყო წარმოდგენილი იმ პირველ ცენტრალურ ღონისძიებაზე, რომელიც „ექსპო ჯორჯიაში“ ჩატარდა“, - განაცხადა ირინე დარჩიამ.

 

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო მუშაობის კოორდინაციის სამსახურის უფროსის, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ზურაბ პაპასქირის განცხადებით, კონფერენციაზე ძალიან საინტერესო მოხსენებებია წარმოდგენილი.

 

„ეს კონფერენცია არის აფხაზეთზე. ჩვენი უნივერსიტეტი არის სათაო სამეცნიერო დაწესებულება აფხაზეთმცოდნეობაში. ამით ჩვენ საფუძველს ვუყრით აფხაზეთის დაბრუნების იდეოლოგიას, საქართველოს გამთლიანების იდეოლოგიას. ჩვენ ხომ დევნილი უნივერსიტეტი ვართ, სოხუმის უნივერსიტეტი ვართ. ვინ, თუ არა ჩვენ - უნდა აიღოს ეს მისია საკუთარ თავზე? ძალიან საინტერესო მოხსენებებია აქ, ამ კონფერენციაზე წარმოდგენილი. მოხსენებები ძირითადად ეხება პოსტკონფლიქტურ აფხაზეთს, რა ხდება იქ დღეს, რა ვითარებაა. აფხაზეთზე ჩვენ უნდა ვიზრუნოთ! ჩემი მოხსენება უშუალოდ ეხება იმას, თუ რა გაუკეთებია ამ უნივერსიტეტს დევნილობის პერიოდში ენის, ისტორიის, ლიტერატურის მიმართულებით. ჩვენ ვქმნით კლიმატს მეცნიერების ამ დარგებში. მე ვფიქრობ, რომ ეს კონფერენცია კიდევ ახალ ბიძგს მოგვცემს ამ მიმართულებით, რომ კიდევ უფრო გავაღრმაოთ ჩვენი მუშაობა“,  - განაცხადა ზურაბ პაპასქირმა.

 

როგორც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, ისტორიის დოქტორმა ჯემალ გამახარიამ აღნიშნა, კონფერენციის სახელწოდებით -  „აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია“  - თემის აქტუალობაზე მეტყველებს და ამით ყველაფერია ნათქვამი.

 

„სოხუმის უნივერსიტეტი აფხაზურ პრობლემებთან დაკავშირებით - იქნება ეს  ისტორია, კულტურა, ლიტერატურა, არქეოლოგია, პოლიტიკა და ა.შ. წამყვან პოზიციებზეა. დღეს ჩვენ აქ ვისმენთ ძალიან საინტერესო მოხსენებებს, რომელიც აფხაზეთის პრობლემატიკას ეხება და ეხმიანება ზოგად თემას, რომელსაც ჰქვია „აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია“. ჩემი მოხსენების სახელწოდებაა- „ აფხაზეთის ტრაგედია საერთაშორისო საზოგადოების სამსჯავროზე“. ეს უფრო პოლიტოლოგიური ხასიათის ნაშრომია. წიგნი გამოვიდა ამ სახელწოდებით ინგლისურ ენაზე, რომელიც მიზნად ისახავს აფხაზეთში დატრიალებული ტრაგედიის, მშვიდობიანი მოსახლეობის არაადამიანური მეთოდებით განადგურების შესახებ მსოფლიო საზოგადოების ინფორმირებას. ამაზე მექნება ძირითადად საუბარი“, - აღნიშნა გამახარიამ.

 

 

წყარო 

ტეგები: კონფერენცია სოხუმი აფხაზეთი უნივერსიტეტი განათლება

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker