კატეგორია: გენდერული ძალადობა  2018-05-14
სუდანში მოძალადე ქმრის მკვლელობის გამო, 19 წლის ნურა ჰუსეინს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. ინფორმაციას The Guardian–ი აქვეყნებს.
სტატიაში ნათქვამია, რომ 15 წლის გოგონას მამა აიძულებდა დაქორწინებას უცნობ კაცზე, მაგრამ მან წინააღმდეგობა გაუწია და დეიდასთან გაქცევა მოახერხა. სამი წლის შემდეგ მამამ სთხოვა გოგონას დაბრუნებულიყო და პირობა მისცა, რომ არ აიძულებდა დაქორწინებას. გოგონა დათანხმდა, მაგრამ სახლში დაბრუნებისას მიხვდა, რომ მოატყუეს. ქორწინება მაინც შედგა. წინააღმდეგობის მიუხედავად, გოგონა დააბეს და „ქმარმა“ ის გააუპატიურა. მეორე დღეს, მან კიდევ ერთხელ სცადა იგივე, თუმცა გოგონამ თავდაცვის მიზნით მოძალადეს დანით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა.
სუდანში, სადაც ფართოდ გავრცელებულია იძულებითი ქორწინება, გოგონებს ზოგჯერ 10 წლის ასაკში აქორწინებენ. გაუპატიურება კი ქორწინების შემდეგ არ ისჯება კანონით.
აპრილის ბოლოს სუდანის სასამართლომ გოგონა დამნაშავედ სცნო, 10 მაისს კი მას სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი სასჯელის გამოტანას მოკლულის ოჯახი ითხოვდა. ახლა ნურას აქვს 15 დღე, რომ გაასაჩივროს განაჩენი. გოგონას დასაცავად სოციალურ ქსელებში ფართომასშტაბიანი კამპანია დაიწყო ჰეშტეგით #JusticeForNoura. კამპანიის მონაწილეები ამტკიცებენ, რომ გოგონა თავდაცვის გამო ისჯება, Amnesty International– მა კი განაჩენს "წარმოუდგენელი სისასტიკის" აქტი უწოდა.
|
 |