Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

გენდერული თანასწორობის პოლიტიკის ლოკალიზაცია: შედეგები და გამოწვევები

ნინო მოდებაძე
კატეგორია: ექსკლუზივი 
2018-05-23

გენდერული თანასწორობის პოლიტიკის ეფექტიანი განხორციელებისათვის უმნიშვნელოვანეს საკითხს წარმოადგენს მმართველობის სხვადასხვა დონეზე შექმნილი ინსტიტუციური მექანიზმები, რომლებიც ხელს უწყობენ ამ მიმართულებით პოლიტიკის სრულყოფას, ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის რეალურ დაცვას, კანონის ეფექტურ აღსრულებას, ადგილობრივი და საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას.

 

1994 წლიდან საქართველო იმ ქვეყნების რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კონვენციას (CEDAW) მიუერთდნენ ყოველგვარი დათქმის გარეშე. კონვენცია წარმოადგენს არა მხოლოდ ბილს ქალთა უფლებების შესახებ, არამედ მონაწილე-ქვეყნების მიერ ამ უფლებების უზრუნველყოფისათვის სამოქმედო პროგრამასაც. 1995 წელს კი პეკინში გამართულ ქალთა IV მსოფლიო კონფერენციაზე საქართველო, სხვა ქვეყნებთან ერთად, ქალის როლის გაძლიერებაზე, თანასწორობისათვის აუცილებელი პირობების შექმნაზე, მის უზრუნველყოფაზე საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში, განსაკუთრებით კი გადაწყვეტილების მიღების დონეზე შეთანხმდა.  ორივე დოკუმენტი ავალდებულებს ქვეყანას შეიმუშავოს ქალთა მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის სამოქმედო გეგმები, რაც ეროვნულ დონეზე გენდერული ინსტიტუციური მექანიზმების შექმნასაც გულისხმობს.

 

 

საქართველოში, „გენდერული თანასწორობის შესახებ“ კანონის შესაბამისად, რომელიც 2010 წელს იყო მიღებული, შეიქმნა გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის  ორი მუდმივმოქმედი ინსტიტუცია: საქართველოს პარლამენტსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაეს საბჭოში გენდერული თანასწორობის საბჭო. 2017 წლის აგვისტოში კი სამთავრობო დონეზე შეიქმნა გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისია. თუმცა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ასეთი ინსტიტუციების არსებობა ადგილობრივ დონეზე, მუნიციპალიტეტებში, რადგან აქ მიღებული გადაწყვეტილებები ყველაზე მეტ გავლენას ახდენს ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაზე.

 

 

საქართველოში ადგილობრივ დონეზე პირველი გენდერული ინსტიტუციური მექანიზმების შექმნის ისტორია 2003-2006 წლებით თარიღდება, როდესაც ორგანიზაცია „ქალთა განათლებისა და ინფორმაციის საერთაშორისო ცენტრი“ ბრიტანული საბჭოსა და ეუთოს მიერ მხარდაჭერილი პროგრამის ფარგლებში, ოთხ რეგიონში (სამცხე-ჯავახეთი-ახალციხე, გურია-ჩოხატაური, მცხეთა-მთიანეთი - მცხეთა და დუშეთი, კახეთი- ლაგოდეხი) ადგილობრივ მმართველობაში გენდერული სამსახურების შექმნის ინიცირების პროცესი დაიწყო.  აღსანიშნავია, რომ თითოეული სამსახურების წარმომადგენელი იყო საკრებულოს ან გამგეობის თანამშრომელი და ამ საქმიანობისთვის ცალკე შტატი გამოყოფილი არ იყო.

 

სამსახურები ტექნიკურად აღჭურვა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტმა “გენდერი და პოლიტიკა“, ხოლო სამსახურების წარმომადგენლებმა შესაბამისი კვალიფიკაციის მისაღებად ტრენინგები გაიარეს და ამავე პერიოდში OSCE/ODIHR-ის მხარდაჭერით გენდერულ ბიუჯეტირებაზეც დაიწყეს მუშაობა.

 

უნდა აღინიშნოს, რომ ადგილობრივ დონეზე შექმნილ სამსახურებს დებულებით საკმაოდ ფართო პასუხისმგებლობები ევალებოდათ. „გენდერული სამასხური გულისხმობდა გენდერული განათლების პოპულარიზაციას, სხვადსხვა რეგიონებიდან ქალთა და ბავშვთა პრობლემების შესახებ ინფორმაციის მოკვლევას; ძალადობის ფაქტების გაშუქებას მედიაში; გენდერული სტატისტიკის შექმნას; გენდერული პარამეტრების უზრუნველყოფას ადგილობრივ ბიუჯეტში; ახალგაზრდების და ადგილობრივ მოხელეთა გენდერული განათლების უზრუნველყოფას  და სემინარების, დისკუსიების, კონფერენციების ორგანიზებას;  კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების და კამპანიების ჩატარებას, ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლებთან ურთიერთობასა და მათი პრობლემების მოკვლევას.“- აცხადებს 2003-2004 წლებში ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გენდერული სამსახურის წარმომადგენელი თეა ქარქაშაძე.

 

მიუხედავად იმისა, რომ ეს ინიციატივა ინოვაციური და წარმატებულიც იყო, მან ვერ ჰპავა განვითარება, რადგან გენდერულ სამსახურებში საქმიანობის განსახორციელებლად მხოლოდ ერთი ადამიანი იქნა გამოყოფილი, რაც იმთავითვე  არარეალურს ხდიდა დასახული ამოცანებისა და საქმიანობის შესრულებას. ამასთან ერთად, ისინი ამ ფუნქციას მხოლოდ საკრებულოს თავმჯდომარის კეთილი ნებიდან გამომდინარე ითავსებდნენ.

 

 

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში ქვეყნის საზოგადოებრივი ცხოვრების სტაბილიზაციის პირობებში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები პირველოდ 1998 წელს ჩატარდა. სისტემა ჯერ კიდევ გაუმართავი იყო და ამასთან ერთად სახელმწიფოც არ იყო მზად გენდერული ინსტიტუციების შექმნისთვის ადგილობრივ დონეზე.

 

თუმცა ადგილობრივ დონეზე გენდერული ინსტიტუციური მექანიზმის შექმნის იდეა კვლავაც არსებობდა და ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციები მუდმივად აყენებდნენ ამ საკითხს დღის წესრიგში.

 

2013 წელს ქუთაისში, სენაკში, ოზურგეთში და ბათუმში გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით შეიქმნა გენდერული საკონსულტაციო საბჭოები. მის შემადგენლობაში შევიდნენ ადგილობრივი საკრებულოს წევრები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. საბჭოს ფუნქციაში შედიოდა გენდერულად მგრძნობიარე მუნიციპალური პროგრამების, პოლიტიკისა და ბიუჯეტის შემუშავებაში მონაწილეობა.

 

ასევე, 2013 წელს არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალთა საინფორმაციო ცენტრის“ ინიციატივით, ბრიტანული ორაგანიზაცია „ოქსფამის“ და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მხარდაჭერით ჯერ სამინისტროში, ხოლო შემდგომ 49 მუნიციპალიტეტში დაინიშნენ გენდერული მრჩევლები. აღნიშნული თანამდებობისთვის ასევე ერთობლივად შემუშავდა თანამდებობრივი ინსტრუქცია. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ეს პოზიცია ჯერ კიდევ არ იყო კანონით დარეგულირებული და მხოლოდ რეკომენდაციას ეფუძნებოდა.

 

იმისათვის, რომ მუნიციპალიტეტებში გენდერული მრჩევლის პოზიცია მუდმივმოქმედი, ხოლო ინსტიტუციური მექანიზმის დანერგვა სავალდებულო გამხდარიყო,  2015 წელს სამუშაო ჯგუფმა, რომელსაც ქალთა საინფორმაციო ცენტრი ხელმძღვანელობდა, კვლევისა და საექსპერტო დასკვნების შედეგად, გენდერული თანასწორობის კანონში შესატანი საკანონმდებლო ცვლილების პაკეტი შეიმუშავა, რომელიც ითვალისწინებდა ცვლილებებს 2 კანონში: „საქართველოს კანონში გენდერული თანასწორობის შესახებ“ და საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“. საკანონმდებლო ინიციატივა გულისხმობდა საკრებულოებში გენდერული თანასწორობის საბჭოების ფორმირებას, ხოლო მერიებში ერთ-ერთი საჯარო მოსამსახურისათვის მერის მიერ ადგილობრივ დონეზე გენდერული თანასწორობის დაცვასთან დაკავშირებით შესაბამისი ფუნქციების განსაზღვრას.

 

 

პარლამენტმა კანონპროექტი 2016 წლის აპრილში დაამტკიცა, ხოლო 2017 წლის 1 იანვრიდან ის პრეზიდენთის ბრძანებით ამოქმედდა.

 

 

კანონის ამოქმედების შემდეგ, გენდერული თანასწორბის პრინციპების დანერგვა საქართველოს თვითმმართველობებში თბილისიდან დაიწყო. გენდერული საბჭო შეიქმნა ქალაქ თბილისის საკრებულოში, თბილისის მერიაში კი დაინიშნა გენდერულ თანასწორობაზე პასუხისმებელი პირი. ამ პერიოდში ქალთა საინფორმაციო ცენტრი აქტიურად თანამშრომლობდა თბილისის საკრებულოსა და მერიასთან. 2017 წელს კი, ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, თბილისის მუნიციპალიტეტმა შეიმუშავა და მიიღო 2017-2020 წლების გენდერული სტრატეგია.

 

 

თბილისის მერმა და საქართველოს თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტმა  კახა კალაძემ ეროვნულ კონფერენციაზე „გენდერული თანასწორობა ადგილობრივ თვითმმართველობებში: გამოწვევები და შესაძლებლობები“ სიტყვით გამოსვლისას იმ კონკრეტულ ნაბიჯებზე გაამახვილა ყურადღება, რაც გენდერული თანასწორობის ნაწილში დედაქალაქის მერიაში უკვე გადაიდგა. მისივე თქმით, ამ მიმართულებით განსახორციელებელია დამატებითი რეფორმები, რისთვისაც დედაქალაქის მერია სრულ მზადყოფნაშია.

 

„შეიქმნა გენდერულ საკითხთა საკოორდინაციო ჯგუფი, სადაც ყველა რაიონული გამგეობა და საქალაქო სამსახური ჩართულია თავისი წარმომადგენლის მეშვეობით; დაინიშნა გენდერის საკითხებზე პასუხისმგებელი პირი, რომელიც აქტიურად თანამშრომლობს თბილისის საკრებულოს გენდერულ საბჭოსთან; ჩვენი წარმომადგენლები აქტიურად არიან ჩართულები და მონაწილეობენ ყველა თემატურ კონფერენციასა და სამუშაო შეხვედრაში, რომელიც იმართება ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან; მერიის მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ დაგეგმილია გენდერული საკოორდინაციო სამსახურის წევრებისათვის სპეციალური სასწავლო კურსი; სხვადასხვა ინსტიტუტთან ერთად მიმდინარეობს 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმაზე მუშაობა; ზოგადად, დედაქალაქის ცხოვრების თითქმის ყველა სფეროში იგეგმება ადამიანის პოტენციალის განვითარებაზე ზრუნვა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილი კონფერენციის მონაწილეებს ესაუბრა საქართველოს პარლამენტის როლზე სახელმწიფო გენდერული პოლიტიკის შემუშავებასა და მთავარი მიმართულებების განსაზღვრის პროცესში და გააცნო პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს მუშაობა და როლი.

 

თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, გენდერული თანასწორობის საბჭოს საქმიანობა გაწერილია 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმაში.

 

„კანონმდებლობის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულებს აქვთ ვალდებულება შექმნან გარკვეული ერთეულები როგორც საკრებულოში, ასევე გამგებლების, მერიების ოფისებში, რომლებიც ქალთა საკითხებზე იმუშავებენ და ვინაიდან ჩვენც, საქართველოს პარლამენტშიც გვაქვს ასეთივე ერთეული საბჭოს სახით, ჩვენი მიზანია, ერთი მხრივ, გაგაცნოთ ჩვენი საქმიანობა და მეორე მხრივ, გვქონდეს ერთმანეთთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობა, უფრო ხშირი კომუნიკაცია და შესაბამისად, ერთად უფრო ეფექტურად ვიმუშაოთ“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

 

2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩენვების შემდეგ, გენდერული საბჭოები თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში შეიქმნა, დანარჩენ მცირე ნაწილში კი  მიმდინარეობს საბჭოს ჩამოყალიბებისათვის საჭირო პროცედურები.

 

უკვე არსებული გენდერული თანასწორობის საბჭოების უმრავლესობა ჯერ მხოლოდ ფორმალურად არის ჩამოყალიბებული. მათ არ აქვთ ხედვა, თუ როგორ და საიდან უნდა დაიწყონ მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის პოლიტიკის გატარება. დაბალია  საბჭოს წევრების ცნობიერება და ინფორმირებულობაც გენდერულ თანასწორობაზე. 2017 წლიდან ქალთა საინფორმაციო ცენტრი აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით ქვეყნის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში.

 

„ამ ეტაპზე ქალთა საინფორმაციო ცენტრი და ორგანიზაციის ექსპერტები,  დონორების დახმარებით (UNDP და GIZ), მუშაობენ საქართველოს მასშტაბით თითქმის ყველა მუნიციპალიტეტთან.  მოსახლეობის საჭიროებებიდან გამომდინარე კონსულტაციას უწევენ მუნიციპალიტეტებს გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმის შემუშავებაში.  ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა მუნიციპალიტეტს ექნება ხედვა, თუ რა ღონისძიებები უნდა განახორციელოს პირველ ეტაპზე, რათა დაიწყოს გენდერული პოლიტიკის დეცენტრალიზაცია“- აცხადებს ქალთა საინფორმაციო ცენტრის პროექტის „გენდერული თანასწორობის პოლიტიკის გაძლიერება ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე“ კოორდინატორი, ნათია კაპანაძე. 

 

 

„ზოგჯერ იქმნება უხერხული სიტუაცია, როდესაც ახლად ჩამოყალიბებული გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები აკეთებენ დისკრიმინაციულ განცხადებას. ეს  დიდი გამოწვევაა, თუმცა, მიმაჩნია, რომ ამ ადამიანებთან უწყვეტ რეჟიმში მუშაობა, მათთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება და ტრენინგების ჩატარება დადებით შედეგს მოგვიტანს.“ - ამბობს ნათია კაპანაძე.

თუმცა, დღეს, ყველაზე დიდი გამოწვევა საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება და შესაბამისი საკითხის პრაქტიკაში გადატანაა. 

 

 

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ცენტრალური და ადგილობრივი პოლიტიკა, გენდერული პოლიტიკის თვალსაზრისით, არ იყოს აცდენილი და რომ ინსტიტუციებს შორის იყოს მაქსიმალური კოორდინაცია. ამ მიმართულებით ჩვენ ვგეგმავთ საკოორდინაციო პლათფორმისა და საიფორმაციო ფორუმის შექმნას, რომლის მთავარი მიზანი იქნება, ერთის მხრივ, გავუზიაროთ ერთმანეთს გამოცდილება, ინფორმაცია მიმდინარე რეფორმების მიღწეული პროგრესის თაობაზე  და მეორეს მხრივ, ვისაუბროთ იმ დაბრკოლებებისა და გამოწვევების თაობაზე, რომელიც ცენტრალურ ან ადგილობრივ დონეზე გვხდება.  მთავარია წამოვწიოთ წინ და გაუმკლავდეთ ამ გამოწვევებს. ვფიქრობ, რომ დღეს ამისათვის არსებობს პოლიტიკური ნება, სათანადო საკანონმდებლო სივრცე და ინსტიტუციონალური მექანიზმებიც. ერთია, რომ ფურცელზე არსებობს დებულება, რომელიც აწესრიგებს გენდერული თანასწორობის საბჭოს საქმიანობას მუნიციპალიტეტებში და პასუხისმგებელი პირების მერიაში, მეორეა, რომ ეს ადამიანები და ინსტიტუციები იყვნენ მაქსიმალურად გაძლიერებულები, აღჭურვილები ცოდნით და გამოცდილებით, რომელიც მათ სჭირდებათ იმისათვის, რომ განახორციელონ ეფექტიანი და შედეგზე ორიენტირებული პოლიტიკა.“– განაცხადა პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში და გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის შესახებ უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარემ სოფო ჯაფარიძემ.

 

გამოწვევად რჩება ისიც, რომ უმრავლეს შემთხვევაში, გენდერულ სობჭოს, სამოქმედო გეგმის განხორციელებისათვის არ აქვს გამოყოფილი ბიუჯეტი, რაც ხელს უშლის მათ ეფექტიანობას და პრობლემების წარმატებით გადაჭრას. თუმცა, ამ კუთხით, პრეცენდენტიც არსებობს. მაგალითად, პირველად საქართველოს მასშტაბით ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმის დამტკიცებასთან ერთად გეგმის განხორციელებისათვის ბიუჯეტიც გამოყო, რაც ცალსახად წინ გადადგმული ნაბიჯია.

 

საბოლოოდ კი, ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე ინსტიტუციონალური მექანიზმების გაძლიერება, გენდერული პოლიტიკის ეფექტიანი განხორციელება, დეცენტრალიზაცია და ამ პროცესის ლოკალიზაცია, მიუხედავად ამ საკითხების პოლიტიკურ დღის წესრიგში პრიორიტეტად დასახვისა, ვერ მოხერხდება ძალისხმევის, ადამიანური და ფინანსური რესურსების მაქსიმალური მობილიზების გარეშე. შედეგად კი, შესაძლებელი გახდება ყველა გამოწვევისა და დაბრკოლებების დაძლევა, თუმცა, ამ პროცესს დრო და ადამიანების თავდაუზოგავი მუშაობა სჭირდება.


 

სტატია მომზადსებულია გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის საქართველოში“ ფარგლებში.

 

 

 

 

 


წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker