Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

ლიდია პაპასქირი – პირველი ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი ქალი საქართველოში

კატეგორია: ექსკლუზივი 
2018-09-14

ლიდია პაპასქირის შესახებ ძალიან ცოტა რამ არის ცნობილი. თუმცა, დაზუსტებით შეიძლება ითქვას, რომ ის იყო პირველი ქალი საქართველოში, რომელმაც დაიცვა სადოქტორო დისერტაცია ეკონომიკის დარგში.

 

მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის ისტორია მჭიდროდ არის დაკავშირებული საქართველოს უახლოეს ისტორიასთან.

 

ლიდია პაპასქირი იყო ერთ-ერთი მათგანი, ვინც იბრძოდა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, ახალგაზრდა, მყიფე სახელმწიფოს განვითარებასა და კეთილდღეობისთვის, ცდილობდა წვლილი შეეტანა მის აღშენებაში და დაისაჯა თავისი იდეალების გამო.

 

ლიდია პაპასქირი დაიბადა 1898 წელს ცნობილი საზოგადო მოღვაწის და მღვდელმთავრის, ანტონ პაპასქირის ოჯახში, მაშინდელი ზუგდიდის მაზრის (დღევანდელი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი) სოფელ ახუთში. როგორც ცნობილია, 1876 წელს ანტონ პაპასქირის თაოსნობით ახუთში გაიხსნა ორკლასიანი სამრევლო სკოლა, რომელშიც ლიდიაც სწავლობდა.

 

სამრევლო სკოლის დამთავრების შემდეგ ლიდიამ სწავლა ქუთაისის ქალთა გიმნაზიაში, საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთ პირველ ქალთა სასწავლებელში გააგრძელა. ის 1847 წელს კერძო შემოწირულობების ხარჯზე წმინდა ნინოს სახელობის ქალთა საქველმოქმედო საზოგადოების ინიციატივით დაარსდა, რომელიც დიდგვაროვან და სოციალურად აქტიურ ქალებს აერთიანებდა.

 

1889 წელს გიმნაზია რვა, ხოლო 1910-იან წლებში კი უკვე 12 კლასიანი გახდა. გიმნაზიაში ისწავლებოდა საღვთო სჯული, პედაგოგიკა, ბუნებისმეტყველება, ქართული ენა და ლიტერატურა, რუსული ენა და ლიტერატურა, არითმეტიკა, კალიგრაფია, გეოგრაფია, ფრანგული, გერმანული და ლათინური ენები, ფიზიკა, ისტორია, კანონთმცოდნეობა, გალობა, ცეკვა, ხელგარჯილობა.

 

ლიდიასთან ერთად ქუთაისის ქალთა გიმნაზიაში დაახლოებით ერთსა და იმავე პერიოდში, მე-20 საუკუნის დასაწყისში სწვლობდნენ ქართველი ფემინისტები – კატო მიქელაძე და ნინო ტყეშელაშვილი. საქართველოს ისტორიაში პირველი ქალი პარლამენტარები - დამფუძნებელი კრების წევრები სოციალ-დემოკრატების სიით: მინადორა ორჯონიკიძე-ტოროშელიძე და ქრისტინე შარაშიძე.

 

შესაძლოა სწორედ გიმნაზიაში სწავლისას ლიდია პაპასქირი ჩაერთო პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში, გახდა სოციალ-დემოკრატიული პარტიის ედეების მომხრე და გამტარებელი. 

 

გიმნაზიის დამთავრების შემდეგ ლიდია მშობლიურ სოფელს დაუბრუნდა და ახუთის სკოლაში მასწავლებლად დაიწყო მუშაობა. თუმცა შემდგომ განვითარებულმა მოვლენებმა მკვეთრად შეცვალა მისი ცხოვრება.

 

1917 წელს, რუსეთში განვითარებული მოვლენების (თებერვლის ბურჟუაზიული რევოლუციისა და ოქტომბრის გადატრიალების) შემდეგ ლიდია პაპასკირი საცხოვრებლად თბილისში მიემგზავრება, სადაც აქტიურ მონაწილეობას იღებს სოციალ-დემოკრატიული პარტიის მენშევიკური ფრთის საქმიანობაში. ამ პერიოდში ქართული პოლიტიკური ელიტა მომავლის ძიებაში იყო. ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ საქართველოს გავლენიანმა პოლიტიკურმა ძალებმა არ ცნეს საბჭოთა ხელისუფლება. 1917 წლის 19 ნოემბერს შედგა საქართველოს პირველი ეროვნული ყრილობა, რომელსაც ესწრებოდა ყველა პოლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაციის, სხვადასხვა სოციალური წრის წარმომადგენელი, მათ შორის, ლიდია პაპასკირიც. ყრილობამ აირჩია საქართველოს ეროვნული საბჭო, რომლის თავმჯდომარე ნოე ჟორდანია გახდა.

 

საბოლოოდ,  ამიერკავკასიის კომისარიატის და ამიერკავკასიის სეიმის გაუქმების შემდეგ, 1918 წლის 26 მაისს, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ დამოუკიდებლობის აქტი ერთხმად დაამტკიცა. გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა და შეიქმნა პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა.

 

1918 წელს, პოლიტიკური მოღვაწეობის პარალელურად, ლიდია პაპასქირი გახდა ახლად გახსნილი თბილისის უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის სტუდენტი, რომელზედაც დაარსდა ეკონომიკური განყოფილება (საეკონომიო დარგი) ივანე ჯავახიშვილისა და ფრიდონ გოგიჩაიშვილის მიერ შემუშავებული პროექტის საფუძველზე.

 

უნივერსიტეტის თანამშრომლებს მხრებზე აწვათ უდიდესი პასუხისმგებლობა, მათ ევალებოდათ ერის მომავლის ფორმირება, მისი ჩამოყალიბება და განათლებული, ერუდირებული ახალგაზრდობის აღზრდა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მთავრობასთან ერთად, ცდილობდა, საზღვარგარეთ ცოდნის გასაღრმავებლად რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა გაეგზავნა, რადგან ქვეყნის აღმშენებლობას ევროპული განათლების ეროვნული ცნობიერების მქონე და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე თაობა ესაჭიროებოდა.

 

უნდა აღინიშნოს, რომ 1918-1921 წლებში, ახლად ფეხადგმულ რესპუბლიკამ შეძლო სახელმწიფო ხარჯით უფრო მეტი ახალგაზრდა გაეგზავნა ევროპაში სასწავლებლად, ვიდრე გასაბჭოების შემდეგ.

 

ივანე ჯავახიშვილისა და სხვა გამოჩენილი მეცნიერების თაოსნობით,  1919 წლის 18 ნოემბრის საუწყებათაშორისო კომისიის გადაწყვეტილებით, გერმანიაში განათლების მისაღებად სტიპენდიით გაიგზავნა 19–კაციანი სტუდენტთა ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში ერთადერთი ქალი - ლიდია ანტონის ასული პაპასქირი შევიდა. ჯგუფი საგანგებოდ შეირჩა ფინანსთა სამინისტროს მიერ 121 სტუდენტიდან. აღსანიშნავია, რომ  ამ საქმეში დიდი წვლილი მიუძღვნის დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობის ეკონომიკურ ბლოკს და კერძოდ ფინანსთა მინისტრს კონსტანტინე კანდელაკს.

 

ლიდია პაპასქირი გახდა ბერლინის უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტის სტუდენტი. 1924 წელს  მან გერმანიაში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია. ნაშრომის გამოქვეყნების შემდეგ ლიდიამ დიდი აღიარება მოიპოვა, დისერტაცია გერმანიის ცნობილ ჟურნალებში დაიბეჭდა. საქართველოში კი პირველი ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი ქალი გამოჩნდა.

 

1926 წელს ლიდა პაპასქირი სამშობლოში დაბრუნდა და სამეცნიერო მოღვაწეობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეუდგა.

 

1936 წელს საბჭოთა კავშირში საშინელი პოლიტიკური რეპრესიები დაიწყო. საქართველოს საპყრობილეებში დაახლოებით 63 ათასი ადამიანი მოხვდა, აქედან 20 ათასი დახვრიტეს. თუმცა, დღესაც კი დაუდგენელია გულაგებში გარდაცვლილთა და დახვრეტილთა ზუსტი მონაცემები. 1937-38 წლებში ე.წ. "სამეულის" მიერ საქართველოში სულ 573 ქალი იყო რეპრესირებული. 163-ს კი დახვრეტა მიესაჯა.

 

რეპრესიებმა არც ლიდია პაპასქირის ოჯახს აუარა გვერდი. 1937 წელს ე.წ. „სამეულის" (ტროიკას) მიერ გამოტანილი განაჩენით ანტიკომუნისტური საქმიანობის ბრალდებით დახვრიტეს ლიდიას მამა, მღვდელი ანტონ პაპასქირი.

 

ლიდია პაპასქირი იმავე წელს დააპატიმრეს.  როგორც შშს-ს საარქივო მასალებიდან ირკვევა, მას ბრალად ემიგრაციაში მყოფ მენშევიკებთან კავშირი და მათთან მიმოწერა წაუყენეს. 1937 წლის 12 ივლისს "ტროიკამ“ მას განაჩენი - 10 წლით ციმბირში გადასახლება გამოუტანა.


 

 

 

 

მიუხედავად იმისა, რომ გადასახლებიდან ჯანმრთელობა შერყეული დაბრუნდა, მან გააგრძელა თავისი მოღვაწეობა და შეუდგა მთარგმნელობით მუშაობას. მან არაერთი მხატვრული ნაწარმოები თარგმნა გერმანულიდან. 1960 წელს გამომცემლობა „ნაკადულმა“ გამოაქვეყნა ლიდია პაპასქირის „ლორელაი: თქმულებები“-ს თარგმანი, რომელიც ცნობილი ქართველი მხატვარის ვერა ბელეცკაიას მიერ იყო ილუსტრირებული.

 

1963 წელს 65 წლის ასაკში ლიდია პაპასქირი გარდაიცვალა. ის მშობლიურ ახუთში არის დასაფლავებული.


 

 

 

***

 

დიდ მადლიერებას გამოვხატავთ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გენდერული საბჭოს წევრების,  ჩხოროწყუს ისტორიული მუზეუმის პერსონალის, პირადად მუზეუმის საგანმანათლებლო პროგრამების მთავარი სპეციალისტის, მარინა გელანტიასა და ჩხოროწყუს რაიონული გაზეთის ყოფილი რედაქტორის, ნელი პაპასქირის მიმართ, რომლებმაც მოგვაწოდეს ინფორმაცია ლიდია პაპასქირის ცხოვრების შესახებ.

 

სტატია მომზადსებულია გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის საქართველოში“ ფარგლებში.

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker