Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

რა შეიცვალა ქალთა უფლებების დაცვის კუთხით საქართველოში?! – 2018 წლის წარმატებების და წარუმატებლობის ქრონიკა

კატეგორია: ექსკლუზივი 
2018-12-28

რა შეიცვალა ქალთა უფლებების დაცვის კუთხით საქართველოში ერთი წლის განმავლობაში? გთავაზობთ, 2018 წლის მნიშვნელოვანი მოვლენების ქრონიკას.

 

2018 წლის იანვრიდან საქართველოს კონსტიტუციაში შეტანილი ახალი ცვლილებები შევიდა ძალაში. ქვეყანაში მმართველობის კლასიკური საპარლამენტო მოდელის ეტაპობრივად დამკვიდრებასთან ერთად, ახალი კონსტიტუცია არსებითი გენდერული თანასწორობის გარანტიებს განამტკიცებს.

„სახელმწიფო უზრუნველყოფს თანაბარ უფლებებსა და შესაძლებლობებს მამაკაცებისა და ქალებისათვის. სახელმწიფო იღებს განსაკუთრებულ ზომებს მამაკაცებისა და ქალების არსებითი თანასწორობის უზრუნველსაყოფად და უთანასწორობის აღმოსაფხვრელად,“- ნათქვამია მე-11 მუხლში. თანასწორობის შესახებ ახალი მუხლის ენა ფორმალური თანასწორობის შემცველ ძველ ფორმულირებას არსებითი თანასწორობით ცვლის. აღნიშნული ცვლილების კონსტიტუციაში შეტანა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და ქალთა ჯგუფების ლობირების პირდაპირი შედეგია.

 

 

 

 

2018 წლის იანვრიდან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი შეიქმნა. დეპარტამენტი ოჯახური დანაშაულის, ქალთა მიმართ ძალადობის, დისკრიმინაციული ნიშნით და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის, ტრეფიკინგის, არასრულწლოვანთა მიერ და მათ მიმართ ჩადენილი დანაშაულის ფაქტებზე მიმდინარე გამოძიებისა და ადმინისტრაციული საქმისწარმოების მონიტორინგს ახორციელებს.


 

 

2018 წელს საქართველოში დაწყებული დეცენტრალიზაციის პროცესის ხელშეწყოფის მიზნით, თვითმმართველობებში გენდერული თანასწორობის პრინციპების დანერგვა აქტიურად მიმდინარეობდა. ქვეყნის 68 მუნიციპალიტეტის საკრებულოში გენდერული თანასწორობის საბჭოები შეიქმნა, 58 მერიაში დაინიშნა გენდერულ თანასწორობაზე პასუხისმებელი პირი. 66  მუნიციპალიტეტში  შემუშავდა, ხოლო 48–ში  გენდერული თანასწორობის მუნიციპალური სამოქმედო  გეგმა დამტკიცებულია.

გენდერული თანასწორობის მუნიციპალურ გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმებში ასევე მოხდა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1325 სამოქმედო გეგმის ლოკალიზაციის ხელშეწყობა. 34 მუნიციპალიტეტის სამოქმედო გეგმაში ასახულია გუსრ 1325 საკითხები. აქედან 12 მუნიციპალიტეტს ეს სამოქმედო გეგმა დამტკიცებული აქვს.


 

 

 

2018 წლის მარტში, საქართველოს პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე, პირველი მოსმენით განიხილეს 37,455 ამომრჩევლის საკანონმდებლო ინიციატივა, სავალდებულო გენდერული კვოტირების შესახებ, რომელიც საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, პარტიებსა და ბლოკებს დაავალდებულებდა პარტიულ სიებში ყოველი მეორე განსხვავებული სქესის კანდიდატის წარდგენას. კანონპროექტი ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფის (Task Force) მიერ იყო ინიცირებული. საბოლოოდ, კენჭისყრის შედეგად 66 ხმით 14 –ის წინააღმდეგ პარლამენტმა პირველი მოსმენით არ მიიღო სავალდებულო გენდერული კვოტირების კანონპროექტი, რადგან „საარჩევნო კოდექსში", როგორც ორგანულ კანონში, ცვლილების შეტანას 75 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდებოდა.


 

 

2018 წლის მარტში, არასამთავრობო ორგანიზაცია CiDA-ს აღმასრულებელი დირექტორორი ზვიად დევდარიანი სექსუალურ ძალადობაში ქალთა მოძრაობამ დაადანაშაულა, ხოლო გამოცემა „ტაბულა“–მ 4 ქალის ნაამბობი გამოაქვეყნა, რომლებიც  დევდარიანს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებდნენ. შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტში ზვიად დევდარიანთან დაკავშირებით გამოძიება ადევნების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 151-ე პრიმა მუხლით დაიწყო. ამის შემდეგ დევდარიანმა არასამთავრობო ორგანიზაცია CIDA-ს აღმასრულებელი დირექტორობის პოსტი დატოვა და განაცხადა, რომ სამართლებრივ ბრძოლას იწყებდა. რამდენიმე თვის განმავლობაში სახალხო დამცველი სწავლობდა საქმის ფაქტობრივ გარემოებებს და სამ პირთან მიმართებით დაადგინა ზვიად დევდარიანის მიერ სექსუალური შევიწროებით გამოხატული სქესის ნიშნით დისკრიმინაცია.

 

 

 

 

2018 წლის მარტში გამოქვეყნდა ქალთა მიმართ ძალადობის ეროვნული კვლევის შედეგები, რომელიც  საქართველოში ოჯახში ძალადობისა და არაპარტნიორის მხრიდან ჩადენილი ფიზიკური და სექსუალური ძალადობის გავრცელების, ასევე ქალებისა და კაცების მიერ გენდერისა და ძალადობის აღქმისა და გაცნობიერების შესახებ მონაცემებს ეხებოდა. კვლევის მიხედვით, საქართველოში 7-დან ერთ ქალს ოჯახში ძალადობა, 4–დან 1 ქალს ფიზიკური და/ან სექსუალური ძალადობა მეუღლის/პარტნიორის მხრიდან გამოუცდია, ქალების 9% კი სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვობაში გამხდარა.

აღსანიშნავია, რომ კვლევამ საქართველოში სექსუალური შევიწროებისა და ადევნების გავრცელება პირველად შეისწავლა. კვლევის მიხედვით, 5–დან ერთი ქალი ამბობს, რომ სექსუალური შევიწროება გამოუცდია, ხოლო 42, 400 ქალს (3,35%) ბოლო 12 თვის განმავლობაში ადევნება გამოუცდია.

 

 

2018 წლის აპრილში საქართველოს მთავრობამ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე" განხორციელებისთვის 2018-2020 წლებისა და ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად გასატარებელ ღონისძიებათა 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმები დაამტკიცა. ამ ფაქტის წარმატებით წარმოჩენას ეწინააღმდეგება გარემოება, რომ  არცერთი აქტივობა ამ დოკუმენტებში არ არის გამყარებული ბიუჯეტით. 


2018 წლის მაისში საქართველოს მთავრობამ ოჯახში დანაშაულის, ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ შსს მიერ მომზადებული კანონპროექტი დაამტკიცა. კანონპროექტის საფუძველზე, შესაბამისი ცვლილებები განხორციელდება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში.  ცვლილების მიხედვით, შემაკავებელი და დამცავი ორდერის პირობების დარღვევის პირველივე შემთხვევაში პირს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება; მკაცრდება სანქცია ოჯახში ძალადობისთვის (126-ე მუხლი) და დანაშაულის ჩამდენი პირი დაისჯება 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით; დამამძიმებელი გარემოება ხდება ოჯახის წევრის მკვლელობაც. 

 

2018 წლის 1 სექტემბერს შსს ადამიიანის უფლებათა დეპარტამენტის ინიციატივით ამოქმედდა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის რისკების შეფასების ინსტრუმენტი და შემაკავებელი ორდერის მონიტორინგის მექანიზმი.

 

 

2018 წლის ოქტომბერში შსს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტმა საზოგადოებას მუშაობის 9-თვის ანგარიში წარუდგინა. დეპარტამენტის მონაცემებით ამ პერიოდში 58%-ით შემცირდა ქალთა მკვლელობების ფაქტები; გამკაცრდა უწყების პოლიტიკა იმ თანამშრომელთა მიმართ, რომლებიც ოჯახში ძალადობაში არიან მხილებული ან არასათანადო რეაგირებას ახდენენ ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე; გამოძიება დაიწყო 4 339 საქმეზე; სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 3000-მდე პირის მიმართ; გამოცემული იქნა 5472 შემაკავებელი ორდერი.

 

2018 წლის ნოემბერში საზოგადოების წარმომადგენლებს წარუდგინეს საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც სექსუალური შევიწროების ფაქტებს გამოავლენს და შესაბამის სანქციებს დააწესებს. ცვლილებათა პაკეტის მიხედვით, სექსუალური შევიწროება დარეგულირდება როგორც საჯარო სივრცეში, ისე შრომით ურთიერთობებში და ის პარლამენტში განსახილველად საგაზაფხულო სესიაზე შევა.

 

 

 

 

2018 წლის 28 ნოემბერს საქართველომ რიგით მეხუთე, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში კი პირველი ქალი პრეზიდენტი აირჩია. ეს ფაქტი პრეცედენტული გახდა, თუმცა  ახლად არჩეული პრეზიდენტის - მმართველი პარტიის კანდიდატის მიმართ მოსახლეობის დამოკიდებულება არაერთგვაროვანია იყო. სალომე ზურაბიშვილის ერთ–ერთმა პირველმა გადაწყვეტილებამ, დანიშნოს დიმიტრი გაბუნია („სამოქალაქო განვითარების სააგენტოს“ (Cida) ყოფილი აღმასრულებელი დირექტორის ზვიად დევდარინის ადვოკარტი) საპარლამენტო მდივნის პოზიციაზე, დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია ქალთა მოძრაობის წევრებსა და სხვა სამოქალაქო ორგანიზაციების შორის. მათ მიიჩნიეს, რომ „#metoo-ს ეპოქაში, სახელმწიფო სამსახურში ასეთ მაღალ და საპასუხისმგებლო პოზიციას არ უნდა იკავებდეს გენდერულად არამგრძნობიარე ადამიანი, რომელმაც სექსუალური შევიწროება ლამის ნორმად და მისსავე პირად პრაქტიკად წარმოაჩინა“. საქართველოს პირველი ქალი პრეზიდენტისგან ქალები თავიანთი უფლებების ადვოკატობას მოითხოვდნენ,  ქალთა და გოგონათა გაძლიერებისკენ მიმართულ ყველა საკანონმდებლო თუ სხვა ტიპის ინიციატივების მხარდაჭერას,  ყველა მის ხელთ არსებულ ბერკეტისა და პოლიტიკური გავლენის გამოიყენებას ქალთა მიმართ ნებისმიერი ტიპის ძალადობის აღმოსაფხვრელად.

 

 

 

2018 წლის დეკემბერში ტელეკომპანია "იმედის“ ყოფილმა თანამშრომელა თათია სამხარაძემ, მის ყოფილ ხელმძღვანელს შალვა რამიშვილს, რომელსაც სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებდა, საქმე სააპელაციო სასამართლოშიც მოუგო. სააპელაციო სასამართლომდე კი, თბილისის საქალაქო სასამართლომ შალვა რამიშვილს თათია სამხარაძისთვის მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 2000 ლარის გადახდა დააკისრა. ეს საქმე პრეცედენტული გახდა თავისი მნიშვნელობით, რადგან არის პირველი, რომელშიც სექსუალური შევიწროვების ფაქტი სასამართლომ დაადგინა.

 

 

2018 წლის დეკემბერში საქსტატმა ოფიციალური სტატისტიკა გამოაქვეყვა, რომლის მიხედვით საქართველოში ქალების საშუალო ხელფასი 851.9 ლარით, ხოლო კაცების – 1360.5 ლარით განისაზღვრა და საქმიანობის სახეების მიხედვით, კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.


შეჯამებისთვის კი.....

 

2018 წლის დეკემბერში მსოფლიოს ეკონომიკურმა ფორუმმა ყოველწლიური გენდერული სხვაობის რეიტინგი 149 ქვეყნის მონაცემებზე დაყრდნობით გამოაქვეყნა და სადაც საქართველო 94–ე ადგილიდან (2017 წელი) 99–ე გადაინაცვლა.

 

ანგარიშის მიხედვით საქართველოში სქესთა შორის ეკონომიკური სხვაობის მაჩვენებელის ინდექსი 85–ია (2017 წელს – 75–ე ადგილი).
ყველაზე დაბალი მაჩვენებელი საქართველოს ქალთა ჯანმრთელობის დაცვისა (123) და პოლიტიკური გაძლიერების (119) კუთხით აქვს.
განათლების ხელმისაწვდომობის ინდექსით კი 81–დან მე60–ე  ადგილზე გადაინაცვლა.

 

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker