კატეგორია: გენდერი კავკასიაში 2019-12-10
სახალხო დამცველის აპარატთან არსებულმა ეროვნულ უმცირესობათა საბჭომ, ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს, 2019 წლის ტოლერანტობის ქომაგები გამოავლინა.
საპატიო სიგელებითა და პრიზებით დააჯილდოვეს ის პიროვნებები, ორგანიზაციები და მედია საშუალებები, რომლებმაც საქართველოში ტოლერანტობის კულტურის განვითარებაში თვალსაჩინო წვლილი შეიტანეს.
წელს ტოლერანტობის ქომაგის ერთ-ერთი ჯილდო გადაეცა გეოგრაფიის მასწავლებელს ჰამიდ სადიგოვს.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თაზაქენდის სკოლის მასწავლებელი ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცა, რაც ფეისბუქზე ქორწინების გამო გოგოების გატაცებასა და ნაადრევ ქორწინებასთან დაკავშირებით კრიტიკული პოსტი გამოაქვეყნა. კრიტიკული პოსტის შემდეგ ადგილობრივმა მოსახლეობამ მას შეურაცხყოფა მიაყენა და საჯაროდ ბოდიში მოახდევინა, ამის ამსახველი კადრები კი საჯაროდ გავრცელდა.
მომხდარის შემდეგ, სადიკოვისთვის სოლიდარობის მიზნით, ახალგაზრდებმა აზერბაიჯანულ ენაზე ჩაწერეს ვიდეომიმართვა, რომლითაც, მას მხარდაჭერა გამოუცხადეს და ნაადრევი ქორწინება გააპროტესტეს.
მასწავლებლის მიმართ იძულების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით დაიწყო.
ჰამიდ სადიგოვის მსგავსად, წელს ტოლერანტობის ქომაგის ჯილდო გადაეცა:
■ ნომინაცია მედია საშუალება ან პროექტის — საზოგადოებრივი მაუწყებლის პროექტი მრავალფეროვანი საქართველო;
■ ნომინაციაში პიროვნება — გარდაბნელი მასწავლებელი ჰამიდ სადიგოვი, რომელმაც საკუთარი პოზიცია გამოხატა იძულებით ქორწინებასთან დაკავშირებით, რამაც მის თემში ნეგატიური რეაქცია გამოიწვია, ფართო საზოგადოება კი მის მიმართ სოლიდარულია;
■ ნომინაციაში საჯარო მოხელე — საკრებულოს საქმიანობის ფარგლებში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების მხარდაჭერისთვის, თბილისის საკრებულოს თავჯდომარე გიორგი ტყემალაძე დაჯილდოვდა.
ასევე, სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესში მნიშვნელოვანი დამსახურებისა და განსაკუთრებით ქურთული და ეზიდი თემის ფართოდ წარმოჩენის ხელშეწყობისთვის ტოლერანტობის ქომაგად ერთხმად დაასახელეს სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს ყოფილი წევრი, აწ გარდაცვლილი საზოგადო მოღვაწე, ჟურნალისტი, ლიტერატორი და პედაგოგი ქერიმ ანყოსი.
რელიგიათა საბჭოს მიერ 2019 წლის ტოლერანტობის ქომაგებად დასახელდნენ:
■ ნომინაციაში პიროვნება — საქართველოში რელიგიური მრავალფეროვნების მკვლევარი მანანა ქუთათელაძე;
■ ნომინაციაში ორგანიზაცია — საქართველოს ქრისტიან-სტუდენტთა კავშირი, რომელიც წლებია ხელს უწყობს კონფესიათა შორის დიალოგს და ამ მიმართულებით არაერთი საგანმანათლებლო პროექტი აქვს განხორციელებული
■ საჯარო მოხელე — პარლამენტის წევრი ელენე ხოშტარია, რომელმაც მიმდინარე წელს მნიშვნელოვანი როლი შეასრულა რელიგიური უმცირესობების პოზიციების დაცვაში, საქართველოს პარლამენტში.
ტოლერანტობის საერთაშორისო დღე ყოველწლიურად აღინიშნება, როგორც კულტურებსა და ცივილიზაციებს შორის პატივისცემის, დიალოგისა და თანამშრომლობის აუცილებლობის შეხსენება. ტოლერანტობის დღის აღნიშვნა 1996 წელს გაეროს გენერალური ასამბლეის ინიციატივით დაიწყო. 1995 წლის 16 ნოემბერს იუნესკომ ტოლერანტობის პრინციპების შესახებ დეკლარაცია მიიღო.
|