კატეგორია: გენდერი მსოფლიოში 2020-01-30
ინდოეთის მთავრობამ პარლამენტს წარუდგინა ახალი კანონპროექტი, რომლის თანახმად აბორტი ნებადართული იქნება ნაყოფის განვითარების პირველი 24 კვირის მანძილზე. თუ პარლამენტი დაამტკიცებს ამ დოკუმენტს, შეიცვლება ქვეყანაში 50 წლის წინ მიღებული კანონი, რომლის თანახმად, აბორტის გაკეთება 20 კვირის ორსულობის შემდეგ დაშვებული არ არის. გამონაკლისია შემთხვევა, როდესაც დედის ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება.
მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლები კანონპროექტს „პროგრესულ რეფორმად“ მიიჩნევენ. კანონპროექტის ავტორების თქმით, ცვლილების მიზანი ახალგაზრდა, დაუცველი და გაუპატიურებული ქალების მხარდაჭერაა.
”ეს მნიშვნელოვანია, რადგან არის შემთხვევები, როდესაც პირველი ხუთი თვის განმავლობაში ქალი ვერ ხვდება, რომ ორსულია და აბორტის თაობაზე სასამართლოს უნდა მიმართოს” - განაცხადა მთავრობის წარმომადგენელმა.
შეგახსენებთ, რომ 2017 წელს ინდოეთის უზენაესმა სასამართლომ, 10 წლის გოგოს აბორტის გაკეთების უფლება არ მისცა, რომელიც სავარაუდოდ მისმა ბიძამ გააუპატიურა. ექიმებმა სასამართლოს განუცხადეს, რომ 32-ე კვირას, ორსულობის შეწყვეტა უკვე დაგვიანებული და "ძალიან სარისკო" იყო. გოგოს ორსულობის შესახებ მშობლებმა მაშინ გაიგეს, როდესაც ბავშვმა მუცლის ტკივილის შესახებ განაცხადა.
ინდოეთში ქალებზე ძალადობა ერთ-ერთ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. კანონის გამკაცრების მიუხედავად, გაუპატიურების ფაქტები არ იკლებს. ბოლო 40 წლის მანძილზე ინდოეთის დანაშაულთან ბრძოლის ბიუროს მონაცემების მიხედვით, გაუპატიურების შემთხვევები 900%-ით გაიზარდა. 2018 წლის სტატისტიკის მიხედვით კი ქვეყანაში ბავშვის გაუპატიურების 10 854 შემთხვევა დაფიქსირდა.
|