კატეგორია: გენდერული ძალადობა  2020-02-28
სომალიში, 12 წლის გოგონას აიშა ილიეს ადენის გაუპატიურებისა და მკვლელობისთვის გასამართლებული ერთ-ერთი მამაკაცი გაათავისუფლეს იმის შემგეგ, რაც მან გოგონას ოჯახს კომპენსაციის სახით 75 აქლემი გადაუხადა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ 2020 წლის თებერვალში სომალის ჩრდილოეთით მდებარე პუტლენდის რეგიონის, ქალაქ ბოსასოს ცენტრალურ მოედანზე, საჯაროდ დახვრიტეს სამიდან ორი კაცი, რომლებიც 12 წლის გოგონას გაუპატიურებასა და მკვლელობაში იყო ბრალდებული. მესამე მოძალადის დასჯაც იგეგმებოდა, თუმცა 20 თებერვალს კომპენსაციის გადახდის შემდეგ ის გაათავისუფლეს.

2019 წლის თებერვალში გოგონა ქალაქ გალკაიოს ბაზრობაზე გაუჩინარდა. მეორე დილით მისი ცხედარი მისივე სახლის მახლობლად იპოვნეს. ექსპერტებმა დაადგინეს, რომ გოგონა სასტიკად გააუპატიურეს, დაასახიჩრეს და შემდეგ გაგუდეს.
ამ ამბავმა საზოგადოებაში დიდი აღშფოთება გამოიწვია. მოსახლეობამ ხელისუფლებისგან დამნაშავეთა პოვნა და დასჯა მოითხოვა. სოციალურ ქსელში კი დაიწყო ფართომასშტაბიანი კამპანია #JusticeForAisha.
გოგონას გატაცების, გაუპატიურებისა და მკვლელობის ბრალდებით სამი კაცი დააკავეს. 2019 წლის ივნისში კი სასამართლომ მათ სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა.
პუტლენდი სომალის ნახევრად ავტონომიური რეგიონია, რომელმაც 2016 წელს პირველად მიიღო კანონი, სექსუალური შევიწროებისა და გაუპატიურების კრიმინალიზაციის შესახებ.
სომალიში გაუპატიურების მსხვერპლები ხშირად სტიგმატიზაციას განიცდიან და იძულებულნი ხდებიან დაქორწინდნენ მოძალადეზე. ამ ტიპის დანაშაულისთვის განაჩენი საკმაოდ იშვიათია, რადგან ადგილობრივმა პოლიციამ ან არ იცის შესაბამისი კანონის არსებობის შესახებ, ან არ მიიჩნევს მის დარღვევას სერიოზულ გადაცდომად. გარდა ამისა, ბევრი მსხვერპლი უარს ამბობს ინციდენტის შესახებ შეტყობინებაზე, რადგან დიდი ალბათობით, თავად შეიძლება გახდეს ბულინგის მსხვერპლი. |