Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Women Can, Women Act, Women Change!

Ge

En

Ru

რა უშლის ხელს უმცირესობებს ინტეგრაციაში

მიშა მეფარიშვილი
Category: Ethnic minorities 
2014-06-27

სახელმწიფო ენის არცოდნა, ზოგადი განათლების დაბალი დონე, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მცირე ჩართულობა, უმცირესობათა მცირერიცხოვანი ჯგუფების მიმართ უყურადღებობა - ეს ის დაბრკოლებებია, რომლებიც საქართველოში მცხოვრებ უმცირესობებს ინტეგრაციაში ხელს უშლის.

 

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სამინისტრომ დღეს შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის 2009-214 წლებში სამოქმედო გეგმის შეფასების დოკუმენტის პრეზენტაცია გამართა. შეხვედრაზე სხვადასხვა სპეციალისტმა მოამზადა მოხსენება იმის შესახებ, თუ რა შედეგი გამოიღო სამოქმდო გეგმამ და რა ხარვეზები რჩება აღმოსაფხვრელი.

 

იურისტ გიორგი მშვენიერაძის თქმით, იმის მიუხედავად, რომ უმცირესობებს აქვთ კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები, მათი უფლებები საკმარისად დაცული არ არის.

 

მშვენიერაძემ დადებითად შეაფასა სამოქალაქო კოდექსში 2011 წელს შესული ცვლილება, რომლის მიხედვითაც რელიგიურ გაერთიანებებს საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დარეგისტრირების საშუალება მიეცათ. თუმცა, როგორც მშვენიერაძე ამბობს, ამ ცვლილებას არ მოჰყვა სხვა საკანონმდებლო აქტებში ცვლილებები.

 

მან მაგალითად მოიყვანა საგადასახადო კოდექსი, რომელიც მართლამადიდებელ ეკლესიას ათავისუფლებს ქონების გადასახადისაგან როგორც უძრავ ქონებაზე, ასევე მიწაზე, თუმცა სხვა რელიგიურ გაერთიანებებზე ამგვარი დაშვება არ ვრცელდება.

 

გარდა კანონდებლობის დახვეწისა, საჭიროა საჯარო მოსამსახურეების ცნობიერების ამაღლება, თუმცა ტრეინინგები საკმარისი არ არის. მშვენიერაძე ამბობს, რომ ამის მაგალითია სამთაწყაროს კონფლიქტი, რომლის დროსაც დატრენინგებული პოლიციელები ჯემალ პაქსაძეს, ხულოს მუფთს სთოვდნენ, რომ სოფელი დაეტოვებინა, რადგან მას იქ არაფერი ესაქმებოდა. ნიგვზიანის შემთხვევაში პოლიციელები თავს არიდებდნენ მკვეთრი ნაჯიბების გადადგმას.

 

მშვენიერაძის აზრით, მოქალაქეობის არმქონე პირთათვის დოკუმეტების მინიჭება და ნატურალიზაცია, რაც ეთნიკურ უმცირესობებსაც შეეხოთ, დადებითი ნაბიჯია. მშვენიერაძე მიიჩნევს, რომ 2009-14 წლების სამოქმედო გეგმა მიმართული იყო ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და კახეთის რეგიონებზე, ხოლო საქართველოს სხვა რეგიონებში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობები ყურადღების მიღმა დარჩნენ.

 

მშვენიერაძის თქმით, არის შემთხვევები, როცა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონების სასამართლოებში ქართულ ენაზე არ მიმდინარეობს სამართალწარმოება, ხოლო რიგ შემთხვევებში დარღვეულია თარჯიმნის ყოლის უფლება. მშვენიერაძემ გაიხსენა სახალხო დამცველის ანგარიშში მითითებული შემთხვევა, როდესაც ომბუდსმენის წარმომადგენელი დაესწრო სასამართლო პროცესს და აღმოჩნდა, რომ თარჯიმანი ფრაგმენტულად თარგმნიდა.

 

იურისტის თქმით, განაჩენის არაზუსტი თარგმანი ართულებს სამართლებრივ დავას იმ შემთხვევაში, თუ მესამე მხარე სააპელაციო ან საკასაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

 

ზოგადი განათლებისა და ქართული ენის ცოდნის პრობლემა კვლავ მნიშვნელოვანია ეთნიკურ უმცირესობებში, ამბობს განათლების სპეციალისტი შალვა ტაბატაძე. მისი თქმით, ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში სკოლამდელი განათლებით 10-15% სარგებლობს. ხოლო 2011 წელს გამოსაშვებ გამოცდებში 39% მოსწავლე ჩაიჭრა,  2009-11 წლებში კი სულ 13 მასწვალებელმა გაიარა სერტიფიცირება.

 

 

ანგარიშის მიხედვით, სახელმძღვანელოებისა და სასწავლო გეგმების ხელმიუწვდომლობა კვლავ აქტუალურია, ხოლო სახელმძღვანელოებში ისევ წერია ქსენოფობიური და დისკრიმინაციული ეპითეტები, ტოლერანტობისა და ინტერკულტურული განათლება კი პრობლემად რჩება.

 

ტაბატაძის თქმით, აღნიშნულ პერიოდში იყო პოზიტიური ცვლილებები, 2005 წელს დაწესდა “საშეღავათო პოლიტიკა” ეთნიკური უმცირესობებისთვის, 2006 წელს  მათ ენებზე ითარგმნა საგამოცდო ტესტები.

 

“სახელმწიფოს არ აქვს ერთიანი ხედვა ჩამოყალიბებული სამოქალაქო ინტეგრაციის კონტექსტში”, - ამბობს შალვა ტაბატაძე.

 

დოკუმენტის მიხედვით, სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში მცხოვრები აზერბაიჯანელების 89% უყურებს აზერბაიჯანულ ტელევიზიებს, ხოლო სომხების 81% უყურებს სომხურ ტელევიზიებს. მეორე ადგილას მათთვის რუსულენოვანი ტელევიზიებია, მხოლოდ მესამე ადგილს იკავებს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი და სხვა ქართულენოვანი ტელევიზიები.

 

 

რაც შეეხება ქართულენოვან ტელევიზიებსა და გაზეთებს, ანგარიშის მიხედვით, ეთნიკური უმცირესობების საკითხებს მხოლოდ სამ შემთხვევაში აშუქებენ: როცა ისინი დაკავშირებული არიან კრიმინალთან, მოხსენიებული არიან უარყოფით კონტექსტში, ან მათი რელიგიური დღესასწაულია.

 

„უმცირესობათა ევროპული ცენტრის” ხელმძღვანელის გიორგი სორდიას თქმით, სამოქმედო გეგმის მიზანი იყო ეთნიკური უმცირესობების ჩართვა სამოქალაქო და პოლიტიკურ ცხოვრებაში და მათი გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე მოთავსება. თუმცა, მისი თქმით, კონცეფციაში გააზრებული არ იყო, თუ რა ტიპის გადაწყვეტილების მიღებაში უნდა ჩართულიყვნენ.

 

ანგარიშის მიხედვით, დადებითადაა შეფასებული ცესკოს მუშაობა. სორდია მიიჩნევს, რომ საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეების კვალიფიკაცია ამაღლდა, თუმცა კიდევ სჭირდება დახვეწა.

 

 

სორდია ამბობს, რომ ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის საკითხის გადაწყვეტა პოლიტიკური პარტიების კეთილ ნებაზეა დამოკიდებული, რომელიც საქართველოში არ არსებობს.

 

გიორგი სორდიამ ერთმანეთს შეადარა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა” და “ქართული ოცნების” პროპორციული სია. 2014 წლის ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში პროპორციულ სიაში ოცნებას ეთნიკური უმცირესობის 9 წარმომადგენელი ჰყავდა, რომელთაგან პირველი 39-ე ადგილას იყო, ხოლო ნაციონალურ მოძრაობას - 12, პირველი რიგით 35-ე ადგილას.

 

საქართველოს პარლამეტში 2012 წლის არჩვენების შემდეგ ეთნიკური უმცირესობის 8 წარმომადგენელია, 2008-2012 წლებში მათი რაოდენობა 6 იყო, 2004-2008 წლებში - 12, ხოლო 1998-2004 წლებში- 16.

 

გიორგი სორდია ამბობს, რომ 2009-2014 წლების სამოქმედო დოკუმენტში იგნორირებულია მცირერიცხოვანი ჯგუფები: ბოშები, მოლდოველები, მოხეტიალე ქურთულენოვანი ჯგუფები, დომები, ასურელები, ქისტები, აფხაზები, ოსები, დუხობორები, მალაკნები, დაღესტნელები.

 

 

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სამინისტროს სამოქალაქო ინტეგრაციის სამმართველოს უფროსის თინა ღოღელიანის თქმით, შეფასების დოკუმენტის მიზანია წარმოაჩინოს ის გამოწვევები, რომელიც რჩება განსახორციელებელი და რომელიც შემდეგ მიანიშნებს სამინისტროს, რა მიმართულებით უნდა იმუშაოს მომდევნო სამოქმედო გეგმაზე, რომელიც 2015 წლისთვის მომზადდება.

 

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი ამბობს, რომ სამოქმედო სტრატეგიის დოკუმენტის დახვეწა პირდაპირ არის დაკავშირებული თანასწორობაზე დაფუძნებული საზოგადოების შექმნასთან:


“უმცირესობასთან მუშაობის გარდა, უნდა ვიმუშაოთ უმრავლესობასთან, რადგან ეს პროცესი ცალმხრივი ვერ იქნება.”


Source 

Tags:

Previous Page 

Webmaster

 

Announcements

Beyond the Shelter

The youth exhibitions and installations

Women’s Fund in Georgia is honored to invite you to 2016 Kato Mikeladze Award Ceremony

 

Video archive

Research on Youth Views on Gender Equality

 

Gender policy

Three women vie to become next Paris mayor

With a nod from parliament, Greece gets first female president

Barack Obama: Women are better leaders than men

 

Photo archive

Swedish politicians visit in WIC

 

Trafficking

To end slavery, free 10,000 people a day for a decade, report says

Interpol rescues 85 children in Sudan trafficking ring

Mother Teresa India charity 'sold babies'

 

Hot Line

Tel.: 116 006

Consultation Hotline for victims of domestic violence

Tel.: 2 100 229

Consultation Hotline for victims of human trafficking

Tel.: 2 26 16 27

Hotline Anti-violence Network of Georgia (NGO)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker